მდგრადი განვითარება

მდგრადი განვითარება არის საზოგადოების განვითარების სისტემა, რომელიც საზოგადოების ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს დაცვის ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის კეთილდღეობას, ცხოვრების დონის ხარისხის ზრდას და მომავალი თაობების უფლებას ისარგებლონ შექცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგან მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი.

მდგრადი განვითარება გულისხმობს ეკონომიკური ზრდის ისეთ ფორმას, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების კეთილდღეობას მოკლე, საშუალო და, რაც მთავარია, ხანგრძლივი ვადით. იგი ეფუძნება პრინციპს, რომლის თანახმად, დღევანდელობის მოთხოვნილებები უნდა დაკმაყოფილდეს ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მომავალ თაობებს. მდგრადი განვითარება გულისხმობს პირობების შექმნას გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისათვის გარემოს დაცვის საკითხების მაქსიმალური გათვალისწინებით. 

საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, ამ გაერთიანებაში პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრირების ხელშეწყობის მიზნით. ხელშეკრულება ითვალისწინებს საქართველოს ჩართულობის ზრდას ევროკავშირის სტრატეგიებში, პროგრამებსა და ორგანიზაციებში; ასოცირების შეთანხმების 301-ე პარაგრაფის თანახმად, მხარეები თავიანთ ურთიერთობებს ააგებენ და გააძლიერებენ, მდგრადი განვითარებისა და მწვანე ეკონომიკის გრძელვადიანი მიზნების გათვალისწინებით. ამასთანავე, მდგრადი განვითარების პრინციპების უპირატესობები და მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა აღნიშნულია საქართველო სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში „საქართველო 2020“.

ფუნქციები

მდგრადი განვითარების სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

 

  • მდგრადი განვითარების სტრატეგიის მომზადება, მისი ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამებისა და კანონმდებლობის შემუშავებაში მონაწილეობა; 
  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისი მიმართულებების კოორდინაცია. კომპეტენციის ფარგლებში, მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი პროექტების განხორციელების ხელშეწყობა.
  • ენერგომომხმარებელი პროდუქტის ენერგოეტიკეტირებასთან დაკავშირებით ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი შესაბამისი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია და ამ მიმართულებით კანონმდებლობის ჰარმონიზაცია; 
  • მწვანე ეკონომიკისა და მწვანე ზრდის პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება; ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის წახალისებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარების ხელშეწყობა და კომპეტენციის ფარგლებში, აქტიური თანამშრომლობა აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ბიზნესსექტორსა და საერთაშორისო ინსტიტუტებთან.

ახალი გლობალური დღის წესრიგი მდგრადი მომავლისათვის

2015 წლის 25 სექტემბერს გაეროს 193 წევრი ქვეყანა შეთანხმდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტზე, სათაურით - „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“. ეს დღის წესრიგი მოიცავს 17 მიზანს და 169 ამოცანას.

ახალი მიზნები ორიენტირებულნი არიან მდგრადი განვითარების სამ ურთიერთდაკავშირებულ ელემენტზე: ეკონომიკური ზრდა, სოციალური ინკლუზია და გარემოს დაცვა. 

მდგრადი განვითარების მიზნები და ამოცანები გლობალური ბუნების და უნივერსალური გამოყენებისანი არიან, რადგან ითვალისწინებენ განსხვავებულ ეროვნულ თვისებებს, შესაძლებლობებს და განვითარების დონეს და პატივს სცემენ ეროვნულ პოლიტიკას და პრიორიტეტებს. ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებელნი არ არიან - მათი განხორციელება ინტეგრირებულად უნდა მოხდეს. 

მდგრადი განვითარების მიზნები არის უპრეცენდენტო შეთანხმება მდგრადი განვითარების შესახებ 193 წევრ ქვეყანას შორის. მიზნებმა მიიღებეს მსოფლიოს სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესის, პარლამენტარების და სხვა ადამიანების მხარდაჭერა. 

მდგრადი განვითარების მიზანი

მდგრადი განვითარების მიზნები (SDG) და ამოცანები გლობალური ბუნების და უნივერსალური გამოყენებისაა არიან, რადგან ითვალისწინებენ განსხვავებულ ეროვნულ თვისებებს, შესაძლებლობებს და განვითარების დონეს და პატივს სცემენ ეროვნულ პოლიტიკას და პრიორიტეტებს. ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებელნი არ არიან - მათი განხორციელება ინტეგრირებულად უნდა მოხდეს. ახალი მიზნები ორიენტირებულია მდგრადი განვითარების სამ ურთიერთდაკავშირებულ ელემენტზე - ეკონომიკური ზრდა, სოციალური ინკლუზია და გარემოს დაცვა. 

მდგრადი განვითარების მიზნების მნიშვნელობიდან და თემატიკის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით დაიწყო აღნიშნული მიზნების ნაციონალიზაციის პროცესი, რომლის დროსაც SDG-ის 17-ვე მიზნიდან და მათი 169 ამოცანიდან შეირჩა 98 ამოცანა და შესაბამისი ეროვნული ინდიკატორები. პროცესების უკეთ მართვის მიზნით, შემუშავდა სპეციალური მატრიცა, რომელშიც თავმოყრილია SDG-ის განსახორციელებლად თითოეული სამინისტროს მიერ აღებული ვალდებულებები.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პასუხისმგებლობა აქვს აღებული 4 მიზნის 14 სხვადასხვა ამოცანის შესრულებაზე, კერძოდ:

  • მე-7 მიზანი - ხელმისაწვდომი, საიმედო, სტაბილური და თანამედროვე ენერგიის  საყოველთაო ხელმისაწვდომობა;
  • მე-8 მიზანი - სტაბილური, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, სრული და პროდუქტული დასაქმება და ღირსეული სამუშაო ყველასათვის;
  • მე-9 მიზანი - მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნა, ინკლუზიური და განვითარებული ინდუსტრიალიზაციისა და  ინოვაციების ხელშეწყობა;
  • მე-10 მიზანი - ქვეყნის შიგნით და ქვეყნებს შორის უთანასწორობის შემცირება.

აღნიშნული ამოცანები მოიცავს ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიების, ენერგო-მომსახურებაზე წვდომის, ეკონომიკური ზრდის, მეწარმეობის, ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების, ტურიზმის, კავშირგაბმულობის, დასაქმების, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებისა და მათი ფინანსებზე წვდომის საკითხებს. სამინისტროს მიერ განსაზღვრულია კონკრეტული ქმედებები, სამიზნე ინდიკატორები და მათი კავშირი სხავადასხვა პოლიტიკის დოკუმენტებთან, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს მდგრად განვითარების მიზნების ნაციონალიზებული ამოცანების განხორციელებას.    

მწვანე ეკონომიკა

საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ეკონომიკური განვითარების პროცესში ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება, ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და მდგრადობის უზრუნველყოფა და ბუნებრივი კატასტროფების რისკების თავიდან აცილება. გადაწყვეტილებების მიღებისას, აუცილებელია როგორც ეკონომიკური მიზანშეწონილობის შეფასება, ასევე ეკოლოგიური და სოციალური ეფექტიანობის გათვალისწინება. სწორედ ასეთი ურთიერთკავშირი ემსახურება ადამიანის კეთილდღეობას. ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია მწვანე ეკონომიკის წახალისება, რომელიც ქვეყნის მდგრადი განვითარების ერთ-ერთ აუცილებელ ინსტრუმენტს წარმოადგენს და ამავე დროს, მწვანე ზრდის წახალისება გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს ბიზნესის მხრიდან დანახარჯების შემცირებას, ასევე ბიზნესის ახალი მიმართულებების განვითარებას. 

2016 წელს საქართველო შეუერთდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მწვანე ზრდის დეკლარაციას, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობისათვის. აღნიშნული დეკლარაციის პრინციპებზე დაყრდნობით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუშაობს მწვანე ეკონომიკის პოლიტიკის დოკუმენტისა და მწვანე ზრდის ეროვნული სტრატეგიის შემუშავების საკითხზე, რომელთა ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკის მოდერნიზების ხელშეწყობა,  მდგრადი და მწვანე განვითარების საფუძვლის შექმნა. მწვანე განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯები დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე და მოგვცემს შესაძლებლობას საქართველო განვითარებული, მოწინავე ქვეყნების რიგებს შეუერთდეს.



დამატებით ამ თემაზე
დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021