გიორგი ქობულიამ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე ახალ ეკონომიკურ ხედვაზე ისაუბრა
25-12-2018

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ანგარიშით წარდგა პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის საკომიტეტო მოსმენაზე, რომლის დროსაც მან ისაუბრა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის, მიმდინარე პროცესების, სამომავლო გეგმებისა და ხედვების შესახებ. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ახალ ეკონომიკურ ხედვაზე, რომელიც აქცენტირებულია ინკლუზიურ ზრდასა და რეგიონების განვითარებაზე. მისი თქმით, ახალი ხედვის განხორციელებით შესაძლებელი გახდება ეკონომიკური ზრდით მიღებული სარგებელი მეტნაკლებად სამართლიანად გადანაწილდეს თითოეულ მოქალაქეზე, მიეცეთ მათ ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობის შესაძლებლობა, აგრეთვე თბილისისა და რამდენიმე მსხვილი ქალაქის გარდა, ეკონომიკა ქვეყნის სხვა რეგიონებშიც განვითარდეს. 

თავის პრეზენტაციაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დეტალურად მიმოიხილა საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები, აგრეთვე მიმდინარე და სამომავლო რეფორმები და მეწარმეობის სტიმულირების პროგრამები. 

ეკონომიკური ზრდის სტრატეგიის ძირითად მიზნებად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დაასახელა სამუშაო ადგილების შექმნა, ინკლუზიურობა, სიღარიბის დაძლევა, ვაჭრობადი საექსპორტო პოტენციალის განვითარება, ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე დამყარებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და პროდუქტიულობის ზრდა. 

რაც შეეხება გამოწვევებს, გიორგი ქობულიას შეფასებით, ყველაზე მნიშვნელოვანია სამუშაო ძალის კვალიფიკაცია, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეფექტურობის გაზრდა, ფინანსებზე არასაკმარისი ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის და სხვ. მინისტრმა პრეზენტაციაში ხაზი გაუსვა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემზე, რომელიც 2017 წელს ბიზნესმენთა აზრის კვლევას ეყრდნობა. მონაცემის თანახმად, ყველაზე პრობლემატური საკითხები ბიზნესისთვის არის არაკვალიფიციური სამუშაო ძალა და ფინანსებზე წვდომა. 

გიორგი ქობულიას განცხადებით, სამუშაო ძალის კვალიფიკაცია და შესაბამისად, საბაზისო პროფესიების ათვისება დღესდღეობით ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უმუშევრობის დონის დასაწევად და სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით მიღებულ გადაწყვეტილებებსა და სამომავლო გეგმებზე, როგორც პრიორიტეტულ მიმართულებაზე. 

მინისტრის განცხადებით, სიღარიბესთან ბრძოლა დღესდღეობით უმთავრესი  ამოცანაა. „რა თქმა უნდა, ხალხს უმძიმესად უჭირს, 20% ეს არის უზარმაზარი მაჩვენებელი,  ჩვენ უნდა ვებრძოლოთ სიღარიბეს“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში სიღარიბის შემცირების ტემპები საგრძნობლად შენელდა, თუმცა სიღარიბის დაძლევის  ბევრად უფრო მაღალი ტემპი გვჭირდება. 

სამუშაო ადგილების შექმნა, ინკლუზიურობა და სიღარიბის დაძლევა, - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, სწორედ ესაა ეკონომიკური ზრდის სტრატეგიის ძირითადი მიზნები. ამას გარდა, გიორგი ქობულიას აზრით, მნიშვნელოვანი გამოწვევებია ასევე ვაჭრობის საექსპორტო პოტენციალია განვითარება, ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე დამყარებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და სხვ.

თავის პრეზენტაციაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ეკონომიკური ზრდის პრიორიტეტულ სექტორებზე ისაუბრა და განსაკუთრებით გამოყო ისეთი მიმართულებები, როგორიცაა ენერგეტიკა, ლოგისტიკა, მომსახურების სექტორი, კვების მრეწველობა, წარმოება, აგრეთვე ბუნებრივი რესურსების მართვა და ინოვაციური წარმოებებისა და ციფრული ტექნოლოგიების განვითარება.      
            
მინისტრის პრეზენტაციის დიდი ნაწილი დაეთმო ენერგეტიკისა და ტრანსპორტისა და ლოგსიტიკის სექტორებში მიმდინარე პროცესებს. გიორგი ქობულიას განცხადებით, „ევროკავშირთან დაახლოების ფარგლებში, ასევე ზოგადად ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა ელექტროენერგიის და ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის მიმართულებით“. მისი ინფორმაციით, რეფორმა ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის კუთხით ეტაპობრივ და ნაწილობრივ ლიბერალიზაციას გულისხმობს. „ეს დაგვეხმარება, კიდევ უფრო მეტი ეფექტურობა მივიღოთ ტარიფების თვალსაზრისით. ენერგოეფექტურობა მნიშვნელოვანია - რომ დავზოგოთ ის ენერგორესურსი რომელიც გვაქვს და კიდევ ერთი დიდი იმპულსი მივცეთ ჩვენს ეკონომიკას“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ. 

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ  არ აშენდება გენერაციის ობიექტები, საქართველოს ელექტროენერგიის დიდი დეფიციტი ექნება.  „ჩვენი გათვლებით, უცხოეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი რომც მოვინდომოთ, ფიზიკურად არის შეუძლებელი, ამიტომ ჩვენ უნდა ავაშენოთ გენერაცია, რათა ჩვენმა ეკონომიკამ თავისი ენერგიის წყარო იქონიოს. ეს უმნიშვნელოვანესია, ამისთვის გვაქვს შედგენილი კონკრეტული გეგმა, თუ როგორ ვაშენებთ გენერაციას. დიდი ჰიდროელექტროსადგურების - შუახევის, ნამახვანის, ნენსკრას, ხუდონის, ცხენისწყლის და დამატებით ენგურის ჰესების გარდა ჩვენ გვაქვს საშუალო და მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის კონკრეტული გეგმაც“, -  აღნიშნა გიორგი ქობულიამ. 

მინისტრის ინფორმაციით, დღესდღეობით ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ეტაპზეა 117 პროექტი, 26 პროექტი მშენებლობის ლიცენზირების ეტაპზე და 22 პროექტი მშენებლობის ეტაპზე, რომლებიც უახლოეს მომავალში ქვეყანას დამატებით 365 მეგავატ ელექტროენერგიას მისცემს. მისი განცხადებით, ამ სექტორში დიდი მოთხოვნა არსებობს როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინვესტორების მხრიდან. 

ამასთან, როგორც გიორგი ქობულია აცხადებს, მთავრობას აქვს კარგად დათვლილი და გააზრებული გეგმა თბოელექტროსადგურების მშენებლობის მიმართულებითაც. „გვაქვს ამბიციური გეგმები ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის კუთხითაც, კერძოდ, 2020 წლიდან დავიწყებთ ქარის სიმძლავრეების შეყვანას. ასევე ვსწავლობთ მზის ენერგიის პოტენციალს, თუმცა, უნდა ითქვას, საქართველო ენერგეტიკის მიმართულებით უფრო ქარის ქვეყანაა, ვიდრე მზის“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ენერგეტიკის სექტორში გასატარებელ კიდევ ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გიორგი ქობულიამ საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის განვითარება დაასახელა. მისი თქმით,  აღნიშნული ქსელის განვითარება შესაძლებლობას მისცემს საქართველოს წარმოებული ელექტროენერგია არა მხოლოდ მეზობელ ქვეყნებში, არამედ ევროკავშირის ბაზარზე გაყიდოს, რაც ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორს საერთაშორისო კაპიტალისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის. 

განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მთავრობისა და კერძო სექტორის თანამშრომლობით განხორციელებული გაზის მიწოდების ინფრასტრუქტურის მშენებლობის სტატისტიკა. შედეგად, მხოლოდ 2018 წელს საქართველოს მასშტაბით 15,000 აბონენტის გაზიფიცირება მოხერხდა, 2013 – 2018 წლებში კი ქვეყნის 870 დასახლებულ პუნქტში 270,353 აბონენტს მიეცა შესაძლებლობა, გამხდარიყო გაზის მომხმარებელი. აღნიშნა, რომ გაზიფიცირების პროგრამა მომავალ წლებშიც გაგრძელდება.  

მინისტრის პრეზენტაციის კიდევ ერთი პრიორიტეტი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალისა და საექსპორტო ბაზრებზე წვდომის ეფექტიანობის ამაღლების ღონისძიებები იყო. კერძოდ, გიორგი ქობულიამ აქცენტი გააკეთა სანავსადგურო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, მათ შორის, ანაკლიის ახალი პორტის, ფოთისა და ბათუმის ნავსადგურების გაფართოვებაზე, აგრეთვე შავ ზღვაზე პირდაპირი საბორნე და საკონტეინერო/ფიდერული გადაზიდვების განვითარებაზე, სარკინიგზო ინფრასტრუქტურისა (რკინგზის მოდერნიზება, ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი) და სერვისების სრულყოფაზე. აგრეთვე რკინიგზის რესტრუქტურიზაციაზე (ინფრასტრუქტურის მენეჯერისა და ოპერატორების გამიჯვნა, მარეგულირებელი ორგანოს დაარსება), აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დროულად დასრულებაზე, ლოგისტიკური სერვისების კლასტერიზაციის ხელშეწყობაზე თბილისსა და ქუთაისში თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრების განვითარების გზით, ასევე ლოგისტიკური სერვისების ხარიხის ამაღლებასა და ბაზარზე საერთაშორისო კომპანიების მოზიდვასა და პარტნიორ ქვეყნებთან ერთიანი ლოგისტიკური დერეფნების ეფექტურობის ამაღლებაზე, მათ შორის, ერთიანი ტარიფის, საბაჟოს კოორდინაციის, ერთობლივი საინვესტიციო პროექტების მეშვეობით. 

პრეზენტაციის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტართა შეკითხვებს უპასუხა. 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021