ქვემო ქართლის მეწარმეებთან DCFTA-ს შესახებ მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე გაიმართა შეხვედრა
19-01-2019

საქართველოში ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების  (DCFTA) მიმდინარეობას შეეხებოდა შეხვედრა, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ მიიღო მონაწილეობა. 

შეხვედრა ქვემო ქართლში, ქალაქ რუსთავში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, ქვემო ქართლის სამხარეო რწმუნებული აპარატისა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერითა და ევროკავშირის პროექტის "ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელება საქართველოში" (Facility for the Implementation of the Association Agreement in Georgia) დაფინანსებით გაიმართა. 

„ქვემო ქართლის მხარეში მოღვაწე ბიზნესმენებს მივაწოდეთ ინფორმაცია DCFTA-ს შესახებ მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, ასევე იმ გამოწვევებზე, რომლებიც გვექნება საქართველოს ნორმატიული ბაზის ევრორეგულაციებთან დაახლოების მიმართულებით. მსგავსი დიალოგი საქმიან წრეებთან არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ხელს უწყობს იმ სირთულეების აღმოფხვრას, რაც შეიძლება წარმოიშვას ახალი ევრორეგულაციების საქართველოში დანერგვის მიმართულებით. გარდა ამისა, ჩვენ მათ ის შესაძლებლობებიც გავაცანით, რაც მოაქვს აღნიშნულ შეთანხმებას ბიზნესისთვის, მათ შორის, პროდუქციის მაღალი სტანდარტითა და უსაფრთხოდ წარმოების შემთხვევაში ევროკავშირის ბაზარზე განთავსებისას“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მეწარმეებს გააცნო საქართველოსა და ევროკავშირის სავაჭრო სტატისტიკა, რომლის თანახმადაც საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. კერძოდ, 2018 წელს საქართველოდან აღნიშნულ ბაზარზე 730,3 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი განახორციელა, რაც 11,5 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 21,7 პროცენტს შეადგენს. 

„თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ ქართველ მეწარმეებს გაუხსნა გზა ევროკავშირის ქვეყნებისკენ. ამ შესაძლებლობას ყოველწლიურად მეტი და მეტი ქართველი მწარმოებელი იყენებს, რაც ექსპორტის მაჩვენებელზე პოზიტიური დინამიკით აისახება. ევროკავშირი ქართული პროდუქციისთვის არის არა მხოლოდ მაღალშემოსავლიანი, არამედ, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სტაბილური ბაზარი. დარწმუნებული ვარ, პოტენციალი ორმხრივ ვაჭრობაში ძალიან დიდია“ -  განაცხადა გენადი არველაძემ. 

შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირის შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესრულების პროცესში განსაზღვრული შეღავათიანი სავაჭრო პირობებით სარგებლობის საკითხები. 

გენადი არველაძის გარდა, შეხვედრაში ასევე მიიღეს მონაწილეობა სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა.
 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021