საქართველოში უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღე აღინიშნა
05-02-2019

საქართველო წელს პირველად შეუერთდა „უსაფრთხო ინტერნეტის დღეს“  (Safer Internet Day - SID), რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება 2005 წლიდან აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი სამინისტროს და ISOC-საქართველოს  თანაორგანიზებით ჩატარდა ღონისძიებები სამთავრობო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით.  

„უსაფრთხო ინტერნეტის დღის“ ცენტრალური ღონისძიება გაიმართა თბილისის სასტუმრო „რუმსში“, რომლის დროსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“, ISOC-საქართველოს და სხვა სამთავრობო და არასამთვარობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თემატური პრეზენტაციები გააკეთეს. 

შეხვედრის ოფიციალურ გახსნაზე „ISOC-საქართველოს“ გამგეობის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა დადებითად შეაფასა საქართველოში „უსაფრთხო ინტერნეტის დღის“ აღნიშვნა და მასში სამთავრობო უწყებების, ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა. „ინტერნეტი თავისთავად პროგრესული მოვლენაა, მაგრამ მის გამოყენებაში არის გარკვეული საფრთხეები და თუ ბავშვებს თავიდანვე არ გავაგებინეთ, რა საფრთხეს შეიძლება წავაწყდეთ ინტერნეტში, შეიძლება ცუდი შედეგები მივიღოთ,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

„ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროში მზადდება უსაფრთხო ინტერნეტთან დაკავშირებით ეროვნული სტრატეგია. ჩვენ ამაში გვეხმარება საერთაშორისო ორგანიზაცია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირი“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგამბულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა ეკატერინე ყუბუსიძემ. მისი თქმით, აღნიშნულმა კავშირმა მოამზადა სასწავლო სახელმძღვანელოები, რომელშიც მოთხრობილია, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ინტერნეტი გავხადოთ უსაფრთხო. 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ნათია ზედგინიძის განცხადებით, აღნიშნულ სამინისტროში მოქმედებს განათლების საინფორმაციო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო ინტერნეტის, პერსონალური მონაცემების და ელექტრონული სერვისებითა და რესურსებით მომარაგებას ყველა იმ სსიპების, სკოლების, რომლებიც სისტემაში არსებობს. ჯამში საუბარია 2085 სკოლაზე. მისი თქმით, აღნიშნული სისტემის ფარგლებში ტარდება ტრენინგები, როგორც რესურს ცენტრებში, ასევე სკოლებში იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს დაცული, უსაფრთხო ინტერნეტ სივრცე. ნათია ზედგინიძის თქმით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მონაწილეობს უსაფრთხო ინტერნეტის ეროვნული სტრატეგიის შემუშავების პროცესში. 

„უსაფრთხო ინტერნეტის დღისადმი“ მიძღვნილ აქტივობებზე ისაუბრა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ივანიშვილმა. მისი თქმით, კომისიამ, ამ დღესთან დაკავშირებით, ჩაატარა ტრენინგები სკოლის მოსწავლეებისთვის და მიუსაფარ ბავშვთა სახლის ბენეფიციარებისთვის სახელწოდებით „ჩემი ინტერნეტი ჩემი არჩევანია - ინფორმირებული დასტურის მნიშვნელობა ინტერნეტ-სივრცეში“. „ტრენინგებმა უზრუნველყვეს ბავშვების აქტიური ჩართულობა. კომისია გეგმავს 2019 წლის განმავლობაში 5 მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას მედია წიგნიერების განვითარების მიმართულებით. ეს პროექტები მოემსახურება ძირითად მიზანს - ბავშვებში განვითარდეს ისეთი უნარ-ჩვევები, რომ მათ ჰქონდეთ სწორი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, როდესაც ისინი არიან ინტერნეტსივრცეში,“ - განაცხადა ხათუნა ივანიშვილმა. 

რაც შეეხება „უსაფრთხო ინტერნეტის დღის“ სხვა აქტივობებს, თბილისის ტექნოპარკში, ამ დღესთან დაკავშირებით გაიმართა ერთდღიანი ტრენინგი: კიბერსუფრთხოება - უფროსკლასელებისთვის; კიბერბულინგი - მასწავლებლებისთვის, მშობლებისთვის და მანდატურებისთვის. ტექნოტრენინგი ლაივსტრიმის მეშვეობით გადაიცემოდა საქართველoს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინოვაციების ცენტრებსა და ტექნოპარკებში. 

თბილისის რამდენიმე სკოლაში ჩატარდა შესაბამისი თემატური ტრენინგები, ასევე ტრენინგი ჩაატარა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რუსთავის მიუსაფარ ბავშვთა სახლის ბენეფიციარებისთვის. ამასთან, სსიპ „112“-ში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ მოსწავლეებისთვის ჩატარდა „ვორქშოპი“, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ჩატარდა ტრენინგი თემაზე - ,,მოზარდი, ინტერნეტუსაფრთხოება, მშობელი'', საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ წარმომადგენლები ჩაატარა ტრენინგი და სხვ.

„უსაფრთხო ინტერნეტის დღე“  აღინიშნება “ინსეიფ/ინჰოუპ” (Insafe/INHOPE) ერთობლივი ქსელის ორგანიზებით და ევროკომისიის მხარდაჭერით. ის წარმოადგენს გლობალურ მოძრაობას, რომელიც ეძღვნება უსაფრთხო ინტერნეტგარემოს შექმნას, განსაკუთრებით ბავშვებისთვის და ახალგაზრდა თაობისთვის. ღონისძიება ჩვეულებრივ იმართება თებერვლის მეორე კვირის მეორე დღეს. მას ყოველწლიურად უერთდება მილიონობით ადამიანი, რომლებიც მონაწილეობენ სხვადასხვა აქტივობებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ღონისძიებაში ჩართულობა ემსახურება ერთ მიზანს - ხელი შეუწყოს ინტერნეტში უსაფრთხოების საკითხების შესახებ ინფორმირებულობის დონის ამაღლებას და პოზიტიურ ცვლილებებს ციფრულ სამყაროში.

„უსაფრთხო ინტერნეტის დღის“ მიზანია უსაფრთხო და უკეთესი ინტერნეტსივრცის შექმნა და ინტერნეტში უსაფრთხოების საკითხების შესახებ ინფორმირებულობის და „ციფრული წიგნიერების“ დონის ამაღლების ხელშეწყობა, განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზარდებში, ასევე მათ მშობლებსა და პედაგოგებში, მათთვის შესაბამისი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება. 
 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021