გიორგი ქობულიამ ქუთაისში წყლის ელექტროგამათბობლების საწარმო „ატლანტიკ საქართველო“ დაათვალიერა
15-02-2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ქუთაისში წყლის ელექტროგამათბობლების საწარმო „ატლანტიკ საქართველო“-ს ეწვია და წარმოების პროცესს ადგილზე პირადად გაეცნო. გიორგი ქობულია საწარმოს ხელმძღვანელობას შეხვდა, საუბარი კომპანიის სამომავლო გეგმებს, მისი განვითარების პერსპექტივებს შეეხო. 

წყლის ელექტროგამათბობლების საწარმო „ატლანტიკ საქართველო“ 2017 წლის თებერვალში დაარსდა, ის ქუთაისის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში ფუნქციონირებს. კომპანიამ 14 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა და 2017 წლის დეკემბერში  პროდუქციის გამოშვება დაიწყო. საწარმოში ამჟამად დამატებით ინვესტირებულია 5 მილიონი ევრო და დასაქმებულია საქართველოს 110 მოქალაქე.

საწარმო 250000 წყლის ელექტროგამაცხელებელს აწარმოებს, როგორც ეკონომიკის მინისტრისა და კომპანიის ხელმძღვანელობის საუბრისას  აღინიშნა, კომპანია 2019 წლის სექტემბრიდან  პროდუქციის გაორმაგებას გეგმავს. ამასთან, „ატლანტიკ საქართველო“ უახლოეს მომავალში კომპანია „ბოშ“-თან ერთად იწყებს წარმოებას.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს რეგიონებში ასეთი წარმატებული საწარმოები ფუნქციონირებს. „ატლანტიკ საქართველო“ კარგი მაგალითია, თუ როგორ უნდა მუშაობდეს ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნესი. რეგიონებში ბიზნესსექტორის განვითარება ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის უმნიშვნელოვანესი პირობაა“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021