საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმი
18-04-2019

„კვიპროსის რესპუბლიკასთან ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა მნიშვნელოვან მიმართულებებს შორის მსურს ხაზი გავუსვა სამ ძირითად სფეროს, სადაც ველოდებით ურთიერთობის გაღრმავებას და შემდგომ განვითარებას, ესენია - საზღვაო სფერო, ტურიზმის სექტორი და სოფლის მეურნეობა“, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებული ფორუმის გახსნის ღონისძიებას კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადესი და საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდნენ. ფორუმი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა გახსნა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, საქართველოს კვიპროსთან კარგი და ინტენსიური ურთიერთობები აქვს, თუმცა ორ ქვეყანას შორის არსებული პოტენციალი სრულად არ არის ათვისებული. 

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დღევანდელი ღონისძიება აღნიშნული ტენდენციის გაუმჯობესების ერთ-ერთი ეფექტური ინსტრუმენტი იქნება და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ბიზნესწრეების დაახლოებას. ჩვენი მხრივ, მივესალმებით კვიპროსთან ურთიერთობის გაღრმავებას ყველა სექტორში“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ. 

„სასიხარულოა, რომ კვიპროსსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ბოლო წლებში დადებითი დინამიკით გამოირჩევა, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორში, საზღვაო და ავიაციის მიმართულებით. როგორც იცით, 2016 წლის 24 სექტემბრიდან პირდაპირ საჰაერო მიმოსვლას ახორციელებს უნგრული დაბალ ბიუჯეტიანი კომპანია “Wizz Air“ კვირაში 2 სიხშირით ქუთაისი-ლარნაკა-ქუთაისის მიმართულებით, რაც ხელს უწყობს ჩვენ ქვეყნებს შორის ბიზნესურთიერთობების და ტურიზმის განვითარებას. ვიმედოვნებ, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო გავაღრმავებთ ურთიერთობას და ჩვენს ქვეყნებს შორის გვექნება კიდევ უფრო ხშირი საჰაერო მიმოსვლა“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გიორგი ქობულიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე საზღვაო სფეროში. მისი შეფასებით, ეს არის მიმართულება, რომლის ფარგლებშიც ქართველი მეზღვაურებისთვის იქმნება დასაქმების დამატებითი შესაძლებლობები კვიპროსის სახელმწიფო დროშის ქვეშ მცურავ გემებზე. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოსა და კვიპროსს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გამოხატულია საზღვაო სავაჭრო ნაოსნობის შესახებ შეთანხმებით. აგრეთვე, მხარეთა მიერ ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმით მეზღვაურთა კომპეტენციის სერტიფიკატების ურთიერთაღიარების საკითხებზე.

„ჩვენ მივესალმებით საქართველოში ისეთი ცნობილი გემთმფლობელი კომპანიის მოღვაწეობას, როგორიცაა , ”Columbia Shipmanagement”. ეს კომპანია ჩვენი მეზღვაურების ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია მსოფლიოში - საუბარია წელიწადში 1000-მდე ქართველი მეზღვაურის დასაქმებაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის და მინდა შეგახსენოთ. რომ აჭარის რეგიონის ეკონომიკაში ჩვენს მეზღვაურებს ისეთივე წვლილი შეაქვთ, როგორიც ტურიზმის სექტორს“ - განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ ამ სფეროში ორივე ქვეყანას აქვს კიდევ უფრო მეტი თანამშრომლობისა და უფრო ინტენსიური ურთიერთობის განვითარების მოლოდინი.

მინისტრის შეფასებით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს ასევე სოფლის მეურნეობის დარგში.  „ვქმნით უფრო ღრმა თანამშრომლობის  საფუძველს, მათ შორის გამოცდილების გაცვლის თვალსაზრისით ისეთი მნიშვნელოვანი აგროკულტურების განვითარებაში, როგორიც არის ციტრუსები, ზეთისხილი და სხვა, სადაც კვიპროსს დიდი გამოცდილება აქვს და რაც ჩვენი აგროსექტორისთვის სტრატეგიულად მნიშნველოვანი კულტურებია“ - აღნიშნა მინისტრმა. 

საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმში ორივე ქვეყნის 100-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს. ორმხრივი ბიზნესინტერესების სფეროებია საერთაშორისო ინვესტიციები, IT მომსახურება, რბილი ავეჯი და სახლის აქსესუარები, აგრობიზნესი, უძრავი ქონება და ქონების მართვა, ტურიზმი, იურიდიული და საგადასახადო კონსულტაციები, გემთმშენებლობა და სხვა.




დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021