გენადი არველაძემ საქართველო-ლიბანის ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა
16-05-2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ საქართველო - ლიბანის ბიზნესფორუმი გახსნა, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველო-ლიბანის სავაჭრო პალატის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს 40-მდე ლიბანური კომპანია ეწვია. მათ შორის არიან ტურიზმის, უძრავი ქონების, საფინანსო სექტორის, ასევე სამომხმარებლო საქონლის მწარმოებელი სექტორის წარმომადგენლები. ფორუმზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი. 

მისასალმებელ სიტყვაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებსა და ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე გაამახვილა ყურადღება. გენადი არველაძის განცხადებით, საქართველო მე-6 ქვეყანაა მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგით და მესამე - საგადასახადო ტვირთის სიმძიმით, რაც საქართველოს აქცევს გამორჩეულად მიმზიდველ ქვეყნად საერთაშორისო ინვესტიციებისთვის. მან ასევე ხაზი გაუსვა ქვეყნის ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობას, რომელიც უმოკლესი სატრანსპორტო დერეფანია ევროპასა და აზიას შორის. 

„ჩვენ ინვესტორებს ვთავაზობთ სტაბილურობას და მდგრად ეკონომიკურ ზრდას, რაც არსებითი ფაქტორებია ქვეყნის რეგიონალური ჰაბად გადაქცევისთვის ბიზნესის კეთების თვალსაზრისით. საქართველოში ხორციელდება მნიშვნელოვანი რეგიონალური ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტები. აქედან გამომდინარე, ყველა ეს შესაძლებლობა შეიძლება გახდეს საქართველო-ლიბანის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაძლიერების საწინდარი,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ. 

გენადი არველაძემ ლიბანურ მხარეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების უფრო მეტად გაღრმავების მიზნით სავაჭრო მისიების, ბიზნესფორუმებისა და ბაზრობების მოწყობა შესთავაზა. 

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ლიბანის მხარის ინიციატივით შექმნილ საქართველო - ლიბანის პალატაზე. მისი თქმით, აღნიშნული გაერთიანება ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის კომპანიების თანამშრომლობას, ინვესტიციების გაზრდისა და ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირების გაღრმავებას. „ჩვენ უნდა შევისწავლოთ შესაძლებლობები და სექტორები, სადაც ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება შეგვეძლება“, - განაცხადა გენადი არველაძემ. 

ლიბანის ოფიციალურ დელეგაციას ხელმძღვანელობდა ლიბანის ტურიზმის მინისტრი, ასევე ლიბანის არარეზიდენტი ელჩი და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები. ღონისძიების დასკვნით ნაწილში, ლიბანურ და ქართულ კომპანიებს შორის, ორმხრივი შეხვედრები გაიმართა.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021