ნათია თურნავამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრებს სამინისტროს უახლოესი პრიორიტეტები გააცნო და მათ შეკითხვებს უპასუხა
07-06-2019

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრებს სამინისტროს უახლოესი პრიორიტეტები, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. 

თავის პრეზენტაციაში მინისტრმა ყურადღება გაამახვილა  ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, როგორიცაა სიღარიბის დაძლევა, სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებები საინვესტიციო პოლიტიკაში, რეგიონალური მიდგომების გაძლიერება, ქართული წარმოების მხარდაჭერა და ეკონომიკური კეთილდღეობის მიტანა ჩვენის ქვეყნის თითოეულ მოქალაქემდე. 

„იმ საკითხებს შორის, რომლებიც არამხოლოდ კომიტეტის წევრებს, არამედ ჩვენს მოსახლეობასაც აინტერესებს, შევარჩიე ორი პრიორიტეტი, რომელზეც ვმუშაობთ: პირველი არის დაკავშირებული ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევასთან - ეს არის სიღარიბის დაძლევა მაღალი, სტაბილური ეკონომიკური ზრდის და მაკროეკონომიკური გარემოს პირობებში - თუ რას ნიშნავს ინკლუზიური ზრდა, რას ვაკეთებთ და რას ვაპირებთ უახლოეს მომავალში.  მეორე პრიორიტეტი  არის მეტი ეფექტიანობა, უფრო კოორდინირებული საინვესტიციო პოლიტიკა, უფრო სწრაფი, გამჭვირვალე და ეფექტური გადაწყვეტილებები ინვესტორებთან და ბიზნესებთან მიმართებაში“ -  აღნიშნა ნათია თურნავამ. 

კომიტეტის სხდომაზე მინისტრმა ასევე ისაუბრა მსხვილი საჯარო პროექტების მიმდინარეობაზე, როგორიცაა საქართველოს გაზიფიცირება, ინტერნეტიზაცია, ელექტროენერგიის გარეშე არსებული დასახლებებისთვის აღნიშნული პრობლემის მოგვარება, ელექტროგადამცემი ქსელის განვითარების 10-წლიანი გეგმა, აგრეთვე ისაუბრებს საქართველოს როლის გაძლიერებაზე სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ სატრანზიტო დერეფანში.  

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021