ნათია თურნავა გურიის მხარეში გაზიფიცირების მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
09-07-2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა გურიის მხარეში გაზიფიცირების მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

მინისტრმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში აცანასა და ჭალაში გაზსადენის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნულ სოფლებს გაზი აქამდე არ მიეწოდებოდა. პროექტის ფარგლებში ორივე სოფელში აშენდება 38 542 გრძივი მეტრი გაზსადენი და  503 კომლს საშუალება მიეცემა ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. სამუშაოები მიმდინარე წლის, ნოემბრის პირველ ნახევარში დასრულდება და პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს 1 391 236 ლარს.

„ვაგრძელებთ გაზიფიცირების სამწლიან გეგმას, რომელსაც ახორციელებს მთავრობა და სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. მთლიანად 3-წლიან გეგმაში 226 ახალი დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება მოხდება და საქართველოს გაზიფიკაციის დონე 85%-ს მიაღწევს. გურიაში ძალიან მასშტაბური სამუშაოები მიდის, 6000-მდე ოჯახი მიიღებს გაზს. მათ შორის ისეთი დასახლებებია, სადაც ისტორიულად გაზი არასდროს ყოფილა. ჩვენ ამ რეალობას ძირეულად შევცვლით“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გურიაში გაზიფიცირების მიმდინარე სამუშაოების გაცნობისას.

ნათია თურნავა ასევე იმყოფებოდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში, სოფელი ერთ-ერთია იმ დასახლებებიდან, სადაც 2019 – 21 წლებში გაზიფიცირება განხორციელდება, შედეგად კი ადგილობრივი მოსახლეობა ბუნებრივ აირს მიიღებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ამის შესახებ შრომაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. შრომის თემში 6 სოფელი შედის. გაზიფიცირების სამწლიანი სამთავრობო გეგმის თანახმად, 2019 – 2021 წლებში გურიის სამივე მუნიციპალიტეტში 25 სოფლის გაზიფიცირებაა დაგეგმილი. 

შრომის თემში შემავალი სოფლების (შრომა, ორმეთი, ვაკე, ზედუბანი, ხრიალეთი და მოცვნარი) გაზიფიცირების შედეგად, აშენდება გაზსადენი, რომლის სავარაუდო სიგრძე 95 383 გრძივი მეტრი იქნება. თემში კომლთა რაოდენობაა 1446. უშუალოდ სოფელ შრომაში 233 კომლი გახდება გაზის კომპანიის აბონენტი. პროექტის სავარაუდო ღირებულება 5 263 809 იქნება. 

მინისტრთან ერთად გაზიფიცირების პროცესის მიმდინარეობას გაეცნენ გურიის მხარეში სამთავრობო რწმუნებული - გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, საქართველოს პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორი ჯაბა ხმალაძე.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021