ბათუმში აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმი გაიხსნა
11-07-2019

ბათუმში, აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. ღონისძიება, რომელშიც 400-ზე მეტი დელეგატი დარეგისტრირდა,  სასტუმრო „ჰილტონში“ მიმდინარეობს.  ფორუმში საქართველოს, უკრაინის, სომხეთის, ბელარუსის, აზერბაიჯანის, მოლდოვას უმაღლესი თანამდებობის პირები, საინვესტიციო სააგენტოები, მსხვილი ბიზნეს გაერთიანებები, საერთაშორისო კომპანიები, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობენ. 

"აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმის ჩატარება შესანიშნავი შესაძლებლობაა ჩვენთვის, რათა ერთმანეთს გავუზიაროთ მოსაზრებები, თუ როგორ შევუწყოთ ხელი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში  საინვესტიციო შესაძლებლობების განვითარებას და ამ მიმართულებით გამოვკვეთოთ ჩვენი მოლოდინები და პრიორიტეტები" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველ საინვესტიციო ფორუმზე საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის შესახებ სიტყვით გამოსვლისას. 

ნათია თურნავამ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ფორუმის ორგანიზატორებს - ევროკომისიასა და ევროპული მმართველობის და ეკონომიკის ცენტრს, რომ მათ აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმის ჩატარების ადგილად საქართველო აირჩიეს. 

მინისტრის განცხადებით, საქართველოს პერსპექტივიდან აღმოსავლეთ პარტნიორობამ მართლაც უზრუნველყო ეფექტური ჩარჩო, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოვებას. „დღეს ჩვენ ასოცირებული პარტნიორი ვართ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით, რომელიც სრულადაა ამოქმედებული. ჩვენ შევუერთდით ენერგეტიკულ თანამეგობრობასა და ტრანს-ევროპულ სატრანსპორტო ქსელს და გვაქვს კონკრეტული პოზიტიური შედეგები, რაც მეტ სტიმულს გვმატებს“ - განაცხადა ნათია თურნავამ. 

აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმი მნიშვნელოვანია, როგორც კიდევ ერთი პლატფორმა საქართველოს და სხვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირში ეკონომიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით. ამასთან, ის იძლევა აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერების საშუალებას.




დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021