ეკატერინე მიქაბაძე: მიმდინარე ეკონომიკური პოლიტიკა, სისტემური და სტრუქტურული რეფორმები ხელს უწყობს ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნებას
31-07-2019

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, 2019 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მაღალი  ეკონომიკური  ზრდა დაფიქსირდა და 5.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივნისის საშუალო ზრდა 4.9 პროცენტს გაუტოლდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებას ხელი შეუწყო საქონლით საგარეო ვაჭრობის დეფიციტის გაუმჯობესებამ. მისი თქმით, დეფიციტი 90 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, რამაც საგადამხდელო ბალანსის დეფიციტზე პოზიტიური გავლენა მოახდინა. 

მინისტრის მოადგილემ ასევე ასევე ყურადღება გაამახვილა მომსახურებით ვაჭრობის სტატისტიკაზე. მისი თქმით, ივნისში ტურიზმიდან შემოსავლები 4,5 პროცენტით გაიზარდა, ასევე დადებითი ტენდენცია დაფიქსირდა წმინდა ფულადი გზავნილების მიმართულებით.  

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ივნისში ეკონომიკის რეალური ზრდა დაფიქსირდა ისეთ სექტორებში, როგორიცაა ოპერაციები უძრავი ქონებით, მშენებლობა, ტრანსპორტი, ვაჭრობა, დამამუშავებელი მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები და სხვ.   

„როგორც 6 თვის მონაცემები ცხადყოფს, სახეზეა ის ფაქტი, რომ საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად და მდგრადად ვითარდება. თუმცა, ივნისის ბოლოს განვითარებული მოვლენები ნეგატიურ ფონს ქმნის და უარყოფით მოლოდინებს იწვევს ეკონომიკაში. შედეგად, მთავრობის ძალისხმევა მიმართულია ნეგატიური მოვლენების გასანეიტრალებლად და ეკონომიკისთვის მიყენებული შესაძლო ზარალის მინიმიზაციისკენ, უარყოფითი მოვლენების დაძლევისკენ. მიმდინარე ეკონომიკური პოლიტიკა, სისტემური და სტრუქტურული რეფორმები ხელს უწყობს ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნებას საგარო და საშინაო რყევების მიმართ,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021