ბათუმი შავი ზღვის სანაპირო ქვეყნების ძებნა-გადარჩენის კონფერენციას მასპინძლობს
11-09-2019

ბათუმში შავი ზღვის სანაპირო ქვეყნების ძებნა-გადარჩენის რიგით მე-15 კონფერენცია (15th  Black Sea Search and Rescue Conference) გაიხსნა - ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ გახსნეს.  

კონფერენცია 11-12 სექტემბერს იმართება და შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და შავ ზღვაზე ძებნა-გადარჩენის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას ემსახურება. კონფერენცია ყოველ წელს ტარდება შავი ზღვის ქვეყნების სხვადასხვა ქალაქში, საქართველო უკვე მეორედ მასპინძლობს ღონისძიებას, ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით იმართება. 

„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ კოორდინირებულად და თანმიმდევრულად ვიმოქმედოთ ინციდენტების დროს შავ ზღვაზე. შესაბამისად, შავი ზღვის სანაპიროს ქვეყნები ყოველწლიურად მართავენ ამ კონფერენციას იმისთვის, რომ გავცვალოთ გასული წლის განმავლობაში დაგროვილი ინფორმაცია და გამოცდილება. საქართველო მზად არის, გაუმკლავდეს გამოწვევებს შავ ზღვაზე და მაღალ დონეზე შეასრულოს ძებნა-გადარჩენის ფართომასშტაბიანი ოპერაციები“,- განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებს „შავი ზღვის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შესახებ საზღვაო ძებნა-გადარჩენის სერვისების სფეროში“ ანკარის 1998 წლის შეთანხმების (Agreement on Cooperation Regarding Maritime Search and Rescue Services among Black Sea Coastal States, Ankara/1998) წევრი ქვეყნების: უკრაინის, რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის ზღვაზე ძებნა-გადარჩენის ოპერაციებზე პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლები.

საქართველოს მხრიდან კონფერენციაში მონაწილეობენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, აღმასრულებელი ხელისუფლების საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, შპს „საქაერონავიგაციისა“ და სახელმწიფო ჰიდროგრაფიის სააგენტოს წარმომადგენლები.

კონფერენციას საპატიო სტუმრების რანგში ესწრებიან გერმანიის ზღვაზე ძებნა-გადარჩენის სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი კაპიტანი უდო ჰელგე ფოქსი, ასევე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა (IMO) და ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს (EMSA)  წარმომადგენლები.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021