„ბილტმორში“ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის საორგანიზაციო შტაბი გაიხსნა
11-10-2019

22-23 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილია „აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმი,“ რომელსაც მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის 2000-მდე დელეგატი დაესწრება. ფორუმის ორგანიზატორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად. ღონისძიება საქართველოს პრემიერ მინისტრის პატრონაჟით ტარდება.

ფორუმის მაღალ დონეზე ჩატარების უზრუნველსაყოფად სასტუმრო „ბილტმორში“ გაიხსნა სამუშაო შტაბი, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში, კოორდინირებულად იმუშავებს ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩართულია ფორუმის ორგანიზებაში. შტაბს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე ხელმძღვანელობს.

აბრეშუმის გზის ფორუმს, რომელიც 2015 წლიდან მოყოლებული, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტეგრაციისთვის თანამედროვე მსოფლიოსთან. მის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, მათ შორის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების მონაწილეობით. 

ფორუმი უკვე საერთაშორისო ბრენდად იქცა, მისი მაღალ დონეზე ორგანიზება-ჩატარება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია  როგორც პოლიტიკურ-ეკონომიკური კუთხით, ისე ქვეყნის საგარეო იმიჯის თვალსაზრისით - აბრეშუმის გზის ფორუმი ევრაზიის ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა.




დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021