ნათია თურნავა საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) გენერალურ მდივანს იანგ ტაე კიმს შეხვდა
16-10-2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი  ნათია თურნავა საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) გენერალურ მდივანს იანგ ტაე კიმს შეხვდა, რომელიც საქართველოში პირველად იმყოფება საქმიანი ვიზიტით. 

შეხვედრის ფარგლებში საქართველოს მხარემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე აღნიშნეს ITF-ის მიერ მიღებული ხარისხის ქარტიის განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველოს გადამზიდავებისათვის. ამასთან, ხაზი გაესვა ქარტიის მოთხოვნების საქართველოს მხრიდან წარმატებულ  იმპლემენტაციას.  

მხარეებმა ასევე სამომავლოდ მრავალმხრივი სატვირთო საავტომობილო გადაზიდვების ნებართვების კვოტების გაზრდის საკითხი. აღსანიშნავია, რომ ქართველი გადამზიდავები აქტიურად იყენებენ ზემოხსენებული კვოტების ფარგლებში გამოყოფილ საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ნებართვებს, რამაც ჩვენს გადამზიდველებს შეუქმნა პირობები ევროპის სატრანსპორტო ქსელში სრულფასოვანი ინტეგრირებისათვის. საქართველოს მხარემ ასევე ისაუბრა საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე და ITF-თან ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმი - ITF (2006 წლამდე ევროპის ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენცია ECMT) წარმოადგენს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან (OECD) არსებულ სამთავრობათაშორისო ორგანიზაციას, რომელიც დაარსდა 1953 წელს და დღეისათვის აერთიანებს 60 ქვეყანას. 

საქართველო  ევროპის ტრანსპორტის მინისტრთა კონფერენციას შეუერთდა 1997 წელს და ჩაერთო ECMT-ის მრავალმხრივი სატვირთო საავტომობილო გადაზიდვების სანებართვო სისტემაში. აღნიშნული ორგანიზაციის წევრობა საქართველოს ავალდებულებს ტრანსპორტის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა ჰარმონიზაციაში მოიყვანოს საერთოევროპულ კანონმდებლობასთან, მაქსიმალურად უზრუნველყოს ავტოსატრანსპორტო პროცესის მიმართ დაწესებული სტანდარტების უნიფიკაცია და ერთიანი უსაფრთხო საავტომობილო სივრცის ფორმირება, რაც ბოლო წლების განმავლობაში წარმატებით ხორციელდება.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021