ანკარაში თურქეთ-საქართველოს შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა
19-11-2019

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში 14-წლიანი პაუზის შემდეგ  შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა. 

კომისიის სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება ორი კვირის წინ საქართველოსა და თურქეთის ლიდერებმა - გიორგი გახარიამ და რეჯებ ტაიპ ერდოღანმა მიიღეს. კომისიის სხდომაში, რომელიც 2005 წლის სექტემბრის შემდეგ არ შეკრებილა, მონაწილეობა მიიღეს ორი ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებმა. 

კომისიის სხდომას თანათავმჯდომარეობდნენ საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და თურქეთის მხრიდან ვაჭრობის მინისტრი რუსარ ფექჩანი. 

სხდომაზე აღინიშნა, რომ საქართველოსთვის თურქეთი ნომერი პირველი სავაჭრო პარტნიორია, მაგრამ ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს ქართული საექსპორტო პროდუქციის მოცულობა და ასორტიმენტი თურქეთის  ბაზარზე. როგორც კომისიის სხდომაზე ითქვა, აუცილებელია, ვაჭრობა ქვეყნებს შორის უფრო მეტად გაიზარდოს. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, წარმატებით მიმდინარეობს მოლაპარაკება თურქულ მხარესთან ცხოველური წარმოშობის სასურსათო პროდუქციისთვის თურქეთში ტექნიკური ბარიერების მოხსნის შესახებ. გარდა ამისა, მინისტრმა აღნიშნა, რომ არსებობს მნიშვნელოვანი პოტენციალი, რათა ორი ქვეყნის ბიზნესების თანამშრომლობით შესაძლებელი გახდეს საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის მოცულობის გაზრდა. 

სხდომა ოქმის ხელმოწერით დასრულდა, რომელშიც განისაზღვრა ორმხრივი სოციალურ - ეკონომიკური თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ისეთ სექტორებზე, როგორიცაა ვაჭრობა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ენერგეტიკა, ტურიზმი და სხვ. ხელმოწერის შემდეგ ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ხელი მოეწერა ისეთ დოკუმენტს, რომელიც ემსახურება ორივე ქვეყნის ინტერესებს. სხდომის დასასრულს, ნათია თურნავამ თავისი თურქი კოლეგა საქართველოში მოიწვია.
 




დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021