„ექსპო ჯორჯიაში“ ენერგეტიკის საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენცია და საერთაშორისო გამოფენა გაიმართა
04-12-2019

საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ კონფერენცია „გლობალური ენერგეტიკული ტრენდები, ახალ ენერგეტიკულ პაკეტზე გადასვლა, გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოსთვის“ გაიმართა, რომელიც მისასალმებელი სიტყვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა გახსნა. ღონისძიების დაწყებამდე კონფერენციის მონაწილეებმა ენერგეტიკისა და ელექტროტექნიკის საერთაშორისო გამოფენა - Elcomm Caucasus 2019-ის ფარგლებში წარმოდგენილი სტენდები დაათვალიერეს.

„დღეს გაიხსნა გამოფენა და კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობენ საკმაოდ მაღალი რანგის სტუმრები და დელეგატები როგორც სამთავრობო, ისე კერძო სექტორიდან. განვიხილავთ განახლებადი ენერგიის წყაროებთან დაკავშირებულ იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს გვაქვს ქვეყანაში და რეგიონში, ასევე ვისაუბრებთ თანამედროვე ტექნოლოგიებზე, მათ შორის მზიდან ენერგიის წარმოებასა და სხვა ახალ მიღწევებზე. აქედან გამომდინარე, დღევანდელი კონფერენცია იქნება ძალიან საინტერესო და პროდუქტიული“ - განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან.

მინისტრის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა განახლებადი ენერგიების მნიშვნელობას საქართველოსთვის და ამ კუთხით მიმდინარე რეფორმებს. „უახლოეს პერიოდში პარლამენტში დასრულდება „განახლებადი ენერგიების წარმოებისა და წახალისების შესახებ “კანონპროექტის განხილვა/მიღება. ამ კანონის ფარგლებში საქართველოს მთავრობა მომავალი წლის განმავლობაში ჩამოაყალიბებს კონკრეტულ მხარდამჭერ მექანიზმებს ყველა მიმართულებით, მათ შორის ქარისა და მზის სადგურების მშენებლობის კუთხით. ეს იქნება ის მექანიზმები, რაც საშუალებას მოგვცემს, მაქსიმალურად დავნერგოთ ეს ტექნოლოგიები საქართველოში, რა თქმა უნდა, იმის ფარგლებში, რასაც ჩვენი სისტემა გაწვდება. დღევანდელი შეხვედრაც, ვფიქრობ, მოგვცემს ძალიან ბევრ ინფორმაციას, რომელთა საფუძველზეც მოვამზადებთ გეგმებს მომავალი ორი-სამი წლის განმავლობაში“ - აღნიშნა დავით თვალაბეიშვილმა.

კონფერენცია „გლობალური ენერგეტიკული ტრენდები, ახალ ენერგეტიკულ პაკეტზე გადასვლა, გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოსთვის“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა სამი სესია, სადაც მომხსენებლები იყვნენ  საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის ხელმძღვანელი დავით მირცხულავა, ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი, ასევე სხვა ენერგეტიკული უწყებების და ორგანიზაციების წარმომადგენლები. გიორგი ჩიქოვანმა კონფერენციის მონაწილეებს ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინა, სადაც საქართველოში განხორციელებულ და დაგეგმილ მნიშვნელოვან ენერგოპროექტებზე ისაუბრა.




დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021