ნათია თურნავა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრს მიქაელ ჯაბაროვს შეხვდა
10-02-2020

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრს, მიქაილ ჯაბაროვს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. 

შეხვედრაზე მინისტრებმა და მათმა თანმხლებმა პირებმა განიხილეს ორი ქვეყნის სავაჭრო- ეკონომიკური ურთიერთობები და ყურადღება ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილეს, როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ინვესტიციები, ტურიზმი და სხვ. 

„დღეს, როგორც არასდროს, საქართველო-აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური ურთიერთობები ძალიან მაღალ დონეზეა. აზერბაიჯანი ტრადიციულად ლიდერობს ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებში. ჩვენ ვახორციელებთ ბევრ ერთობლივ ეკონომიკურ, ინფრასტრუქტურულ და ბიზნეს პროექტს. დღეს საქართველოში აზერბაიჯანული კაპიტალით 700–ზე მეტი კომპანია საქმიანობს და ძალიან კარგი პირობებია შექმნილი როგორც ერთობლივი ბიზნეს საქმიანობისთვის, ასევე აზერბაიჯანული ბიზნესისთვის საქართველოში“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

ნათია თურნავას განცხადებით, მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობა საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გამავალი სატრანსპორტო კორიდორის საერთაშორისო აღიარებისა და განვითარების შესახებ. „თუ ჩვენი ქვეყნები გააერთიანებენ ძალისხმევას საერთო კორიდორის კონკურენტუნარიანობის გაზრდის კუთხით, ეს ორივე ქვეყანას სიკეთეს მოგვიტანს,“ - განაცხადა მან. 

შეხვედრაზე მინისტრებმა ასევე განიხილეს სხვა პრიორიტეტული საკითხები, რომლებიც აქტუალური იქნება საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობათა კომისიის სხდომაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით გაიმართება. 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021