პროგრამას „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების კომპონენტი დაემატა
11-02-2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ წარმატებით მიმდინარე პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ გააფართოვა - მას დაემატა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების კომპონენტი, რომლის პრეზენტაციაც მარნეულში, ბაზალტის საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. პროგრამის ფარგლებში, საქართველოლს სხვადასხვა რეგიონში შეირჩა და აუქციონზე განთავსდა კომერციულად მიმზიდველი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების 100 საბადო.

„ბიზნესს ვთავაზობთ წიაღისეულის ათვისების ლიცენზიის ას პარალელურ ელექტრონულ აუქციონს, რაც ძალიან მასშტაბური და საინტერესო ინიციატივაა. ეს შეეხება ისეთ წიაღისეულს, რომელსაც აქვს საექსპორტო ან იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი, მათ შორის, ეს არის სხვადასხვა ლითონები, სამთო ქიმიური ნედლეული, საშენი მასალები, პოლიმეტალები, მიწისქვეშა წყლები და ეს არის სწორედ ის რესურსი, რომელიც სჭირდება ჩვენს ეკონომიკას, რათა კიდევ უფრო სწრაფად განვითარდეს, კიდევ უფრო მაღალი იყოს ეკონომიკური ზრდა, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და მოვიზიდოთ ახალი ინვესტიციები“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავას განმარტებით, ჯამში, წიაღისეულის ასი ლიცენზია  არის, სულ მცირე 82 მლნ. ლარის საწყისი ღირებულების პაკეტი, რა თანხაც შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. მისივე თქმით,  ეს არის, სულ მცირე, 120 მილიონი ლარის ინვესტიცია, რა ვალდებულებასაც ბიზნესი აიღებს იმ ნაწილში, რომ არამხოლოდ მოიპოვოს,, არამედ ადგილზე გადაამუშავოს წიაღისეული. „ეს არის დამატებით, სულ მცირე, 1800 ახალი სამუშაო ადგილი საქართველოში“ - განაცხადა მინისტრმა.

პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ გაფართოების აუცილებლობის შესახებ მთავრობის წევრებმა მიმდინარე წლის 6 თებერვლის სხდომაზე ისაუბრეს. პროგრამა გულისხმობს არამხოლოდ სახელმწიფო ქონების პრივატიზებას, არამედ პროექტის ფარგლებში სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზიების მოპოვების აუქციონების გამოცხადებასაც. 

ეს არის იმ გეგმის მნიშვნელოვანი მიმართულება, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს მთავრობას სურს, რომ წიაღისეულის არამხოლოდ მოპოვება, არამედ გადამუშავებაც ადგილზე  ხდებოდეს და ძირითადი ღირებულებაც საქართველოში დარჩეს. 

მნიშვნელოვანია, რომ პროექტის განხორციელებისას სახელმწიფოს მიერ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მოპოვება/გადამუშავების პროცესში მაღალი გარემოსდაცვითი სტანდარტების გამოყენებას. აღნიშნული მოთხოვნები გათვალისწინებული იქნება სალიცენზიო პირობებად.

მარნეულში, ბაზალტის საბადოზე გამართულ პროგრამის ახალი კომპონენტის პრეზენტაციას საქართველოს მინისტრთა კაბინეტის და პარლამენტის წევრები, ასევე ბიზნესასოციაციების და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ახალი კომონენტის დეტალური პრეზენტაცია დამსწრე საზოგადოებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ  "წიაღის ეროვნული სააგენტოს" ხელმძღვანელმა, მაია ზავრაშვილმა წარუდგინა.

 

 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021