ნათია თურნავა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) დელეგაციას შეხვდა
11-02-2020

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) დირექტორს გლობალური ურთიერთობის საკითხებში ანდრეას შაალს შეხვდა, რომლის დროსაც განხილული იყო საქართველოსა და OECD-ს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები და მიმდინარე წლის 17-19 მარტს თბილისში დაგეგმილი აღნიშნული ორგანიზაციის წლიური შეხვედრის - OECD Eurasia Week საორგანიზაციო საკითხები.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობა მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერის მიმართულებით. აღინიშნა, რომ ქართულმა მხარემ ევროკავშირის მხარდაჭერით და OECD-ისა და GIZ (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების) თანამშრომლობით შეიმუშავა მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია 2016-2020 წლებისთვის, ასევე აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია 2021-2025 წლების სტრატეგიაზე მუშაობა.

ყურადღება გამახვილდა OECD-ის მიერ საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის შესრულების მონიტორინგზე, რომლის შესწავლის შემდეგაც OECD-ის მიერ დადებითად შეფასდა სტრატეგიის შესრულების მდგომარეობა და საქართველო დასახელდა სამოდელო ქვეყანად აღმოსავლეთ პარტნიორობის სამეზობლო ქვეყნებს შორის.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო პირველი ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონში, სადაც OECD Eurasia Week-ის ღონისძიება ჩატარდება, რაც საქართველოს, როგორც წარმატებული ეკონომიკური რეფორმების განმახორციელებელი ქვეყნის დიდი აღიარებაა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კვირეულის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება კვლევა „მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის ინდექსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში 2020“, რომლის მიხედვითაც საქართველომ კვლავ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. კვირეულის დროს ასევე გაიმართება სესია, რომელზეც OECD-ის მიერ წარმოდგენილი  იქნება „საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის მიმოხილვის“ პირველადი მიგნებები.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ევრაზიის მიმართულების დირექტორი უილიამ ტომპსონი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021