თბილისში ეკონომიკური კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2020“ გაიმართა
26-02-2020

თბილისში, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისში“ ეკონომიკური კონფერენცია სახელწოდებით „საქართველო და მსოფლიო 2020“ ჩატარდა.  კონფერენცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა. 

კონფერენცია ბრიტანული ჟურნალის - THE ECONOMIST წლიური გამოცემის „მსოფლიო 2020 წელს“ ეგიდით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით უკვე მეორედ ჩატარდა. 

წლევანდელი ღონისძიების საპატიო სტუმარი მსოფლიოს ცნობილი ეკონომისტი, ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორი, პოლონეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ლეშეკ ბალცეროვიჩი იყო. 

კონფერენციის ფარგლებში რამდენიმე პანელი გაიმართა, რომელზეც დისკუსია გაიმართა თემებზე: საქართველოს ეკონომიკური განვითარების მოდელი – სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის დაბალანსებული ინტერესები, საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა გლობალურ კონტექსტში, ინფრასტრუქტურული განვითარება და როლი კონკურენტუნარიანობის ზრდაში, საქართველო ევროკავშირის ბაზარზე – მიღწეული შედეგები და არსებული გამოწვევები. 

პანელებში მონაწილეობა მიიღეს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ და საქართველოს მთავრობის სხვა  წევრებმა. ასევე ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა, სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში სელიმ ჩაკირმა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა. 

დისკუსიის მონაწილეებმა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, არსებული გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები განიხილეს. 

დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021