ეკონომიკის სამინისტროში ტაილანდსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენების დაწყების შესაძლებლობები განიხილეს
27-02-2020

2020 წლის 26-27 თებერვალს, ტაილანდის სამეფოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საქართველოსა და ტაილანდის საავიაციო ხელისუფლებებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარ მიზანს „საქართველოს მთავრობასა და ტაილანდის სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების ტექსტზე მოლაპარაკებების გამართვა წარმოადგენდა, რაც ტაილანდის ავიაკომპანიების მხრიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენების დაწყების სურვილმა განაპირობა. 

როგორც შეხვედრაზე ითქვა, შეთანხმების გაფორმებით იქმნება ორ ქვეყანას შორის საჰაერო ტრანსპორტის სფეროში სამართლებრივი ბაზა, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის საქართველოსა და ტაილანდის სამეფოს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენების განხორციელებას, ხელს შეუწყობს ფრენის არეალის გაფართოებას, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და ტურიზმის განვითარებას. 

შეთანხმების ტექსტის შეჯერების შემდეგ მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რითაც ორ ქვეყანას შორის პირდაპირი რეგულარული ფრენების შესასრულებლად ცალკეული პირობები და პროცედურები განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ მემორანდუმის ხელმოწერით დაინტერესებულ ავიაკომპანიებს საშუალება ეძლევათ დაიწყონ პირდაპირი რეგულარული ფრენების განხორციელება მთავრობათაშორისი შეთანხმების გაფორმებამდე და მის ძალაში შესვლამდე.

აღსანიშნავია ტაილანდიდან საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობის მზარდი ტენდენცია, კერძოდ: 2019 წელს შემოსული ვიზიტორების რაოდენობამ შეადგინა 12 320, რაც დაახლოებით ოთხჯერ აღემატება 2018 წლის მონაცემებს (3194). ამასთან,  საქართველოს მიმართულებით ფრენების შესრულებით დაინტერესება უკვე გამოხატა ტაილანდურმა ავიაკომპანიამ - გასულ წელს  “AirAsia X”-მა უკვე ხუთი ჩარტერული რეისი შეასრულა, ხოლო მიმდინარე წელს გეგმავს 49 ტურისტული ჩარტერული რეისის შესრულებას, რომლის თაობაზეც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უკვე მიმართა განაცხადით ნებართვის მიღების შესახებ.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021