ნათია თურნავამ ჩეხეთის ვიცე-პრემიერთან კარელ ჰავლიჩეკთან ონლაინ შეხვედრა გამართა
27-05-2020

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჩეხეთის ვიცე-პრემიერთან, მრეწველობის, ვაჭრობისა და ტრანსპორტის მინისტრთან კარელ ჰავლიჩეკთან  ონლაინ შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება პირდაპირი ავიამიმოსვლისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის აღდგენის საკითხებზე გამახვილდა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები აკაკი საღირაშვილი და გენადი არველაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და ჩეხეთში საქართველოს ელჩი მარიამ რაქვიაშვილი.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩემმა ჩეხმა კოლეგამ აღგვიქვა პოლიტიკური მხარდაჭერა და მზადყოფნა, რომ მხარი დაუჭიროს როგორც ორმხრივი ტურისტული კავშირების ძალიან სწრაფ აღდგენას, ასევე საინვესტიციო პროცესების აქტივიზაციას“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ონლაინ შეხვედრის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, ჩეხეთის რესპუბლიკა საქართველოს აქტიური ეკონომიკური პარტნიორია და ყოველწლიურად იზრდება ჩეხური კომპანიების რაოდენობა, რომლებიც საქართველოს ენერგეტიკაში, სატრანსპორტო, ფარმაცევტიკისა და წარმოების სექტორებში საქმიანობენ.

მინისტრის განცხადებით, მზარდია ჩეხეთიდან ტურისტების რაოდენობაც. „2019 წელს ვიზიტორების 19-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. მნიშვნელოვანია, რომ ჩეხეთის რესპუბლიკაში ეპიდემიოლოგიური ვითარება საკმაოდ კეთილსაიმედოა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩეხეთი იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, საიდანაც ტურისტები უკვე ივლისში ჩამოვლენ საქართველოში,“ - განაცხადა ნათია თურნავამ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საავიაციო კომპანიებმა - „აირზენამ“ და „ვიზეირმა“ მზადყოფნა გამოთქვეს, განაახლონ ფრენა ჩეხეთსა და საქართველოს შორის. „პანდემიამდე ისინი საკმაოდ მაღალი სიხშირით დაფრინავდნენ და იმედი მაქვს, რომ ახლაც აღნიშნული მიმართულება ასეთივე მოთხოვნადი იქნება“ - განაცხადა ნათია თურნავამ.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021