ნათია თურნავა კომპანია „მედიფარის“ პირბადეების საწარმოს ესტუმრა
03-06-2020

საქართველომ მოახერხა და პრაქტიკულად, სამი თვის განმავლობაში, როდესაც მთელი მსოფლიო პირბადეების დეფიციტს განიცდიდა, იმპორტიორი ქვეყნიდან ექსპორტიორ ქვეყნად გარდაიქმნა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კომპანია „მედიფარის“ პირბადეების საწარმოში სტუმრობისას განაცხადა. 

საწარმომ ფუნქციონირება ცოტა ხნის წინ დაიწყო და დღეისთვის დღე-ღამეში დაახლოებით 100 000-ს, ხოლო თვეში - 3 000 000 უმაღლესი ხარისხის, სამედიცინო დანიშნულების პირბადეს აწარმოებს, რომელთა გატანას უახლოეს ხანებში ექსპორტზე გეგმავს. 

„მთლიანობაში, ყველაზე უხეში დათვლებით, პირბადეების წარმოების თვალსაზრისით, დღესდღეობით ქვეყნის საწარმო სიმძლავრეები თვეში 10 მილიონ მაღალი ხარისხის პირბადეს აღემატება. ამ პროგრამის წარმატებაში, რა თქმა უნდა, საკუთარი წვლილი შეიტანა ჩვენს მიერ დაწყებულმა სოციალური პირბადეების პროგრამამ, რომელიც სახელმწიფომ ეპიდემიის პირველივე დღიდან განახორციელა და ათობით სხვადასხვა სამკერვალო ფაბრიკა ჩართო, სადაც ამ ეტაპზე ასობით ადამიანია დასაქმებული“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. 

კომპანია „მედიფარმა“ საწარმოში 2 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა. 

„მედიფარის“ მიერ წარმოებული პროდუქცია უკვე აქტიურად იყიდება საქართველოს მასშტაბით, თუმცა კომპანია უახლოეს ხანებში პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავს.

პირბადეების ექსპორტზე გატანის მიზნით, კომპანია ამჟამად უკვე აწარმოებს აქტიურ მოლაპარაკებებს ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა ისრაელი, რუსეთი, ბელგია, ავსტრია, იტალია და აშშ-ი. 

საწარმოში ამ ეტაპზე 30-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021