ნათია თურნავამ „ნესტლეს“ რეგიონულ დირექტორთან ონლაინ შეხვედრა გამართა
19-06-2020

უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ონლაინ შეხვედრა გლობალური კორპორაცია „ნესტლეს“ ევრაზიაში რეგიონულ დირექტორ მარსიალ როლანთან და რეგიონულ მენეჯერებთან გამართა. შეხვედრაში მონაწილეობდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი. აღნიშნული სტრატეგია ითვალისწინებს მოლაპარაკებების გამართვას 400-ზე მეტ გლობალურ კომპანიასთან და მათთვის საქართველოს ბიზნეს შესაძლებლობების გაცნობასა და მიმზიდველი საინვესტიციო პირობების შეთავაზებას.

„ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს გლობალურ ბრენდებთან, მსხვილ კომპანიებთან, ვისაც, ვფიქრობთ, რომ შეიძლება წარმოების საქართველოში გადმოტანის, ან ახალი წარმოებების განვითარების სურვილი გაუჩნდეს. დღეს ჩვენ „ნესტლეს“ რეგიონულ დირექტორს ვესაუბრეთ და გავაცანით საქართველოს შესაძლებლობები და უპირატესობები, რომლითაც ისინი შეძლებენ, ისარგებლონ, თუკი გარკვეულ წარმოებებს გადმოიტანენ,“ - განაცხადა მინისტრმა შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, „ნესტლეს“, სხვა პოტენციური ინვესტორების მსგავსად, რომლებიც პოსტ-კოვიდ-ის პერიოდში საქართველოში შემოსვლას და ბიზნესის დაწყებას გადაწყვეტენ, მაქსიმალური ხელშეწყობა და მხარდაჭერა ექნება.     

ნათია თურნავას განცხადებით, „ნესტლესთან“ თანამშრომლობის პერსპექტივებზე შემდგომი მოლაპარაკება სამუშაო პროცესში გაგრძელდება. ერთ-ერთი მიმართულება, რომლითაც ქართულმა მხარემ პოტენციურ ინვესტორებს დაინტერესება შესთავაზა, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების წარმოება იყო.

შეხვედრა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და ინვესტიციების მოზიდვის სამოქმედო გეგმის ფარგლებში გაიმართა.


დაგვიკავშირდით

2 99 11 11
2 99 11 70

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©