საქართველოში მდგრადი ენერგიის კვირეული ტარდება
23-06-2020

22–26 ივნისს საქართველოში მდგრადი ენერგიის კვირეული ტარდება. ამით ქვეყანა უერთდება ევროკავშირის ანალოგიურ კვირეულს, რომელიც 2006 წლიდან ტარდება და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს გამოცდილების გაცვლას და ახალი იდეების წახალისებას სათბური აირების გაფრქვევის, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის საკითხებთან დაკავშირებით, ევროკავშირის კლიმატისა და ენერგიის მიზნების   მისაღწევად.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მდგრადი ენერგეტიკის განვითარება უმნიშვნელოვანესია საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მისაღწევად.

„ჩვენ ვახორციელებთ დაბალანსებულ ენერგეტიკულ პოლიტიკას, რომლის ფარგლებში ახალი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებლობის პარალელურად, გათვალისწინებულია ენერგოეფექტურობისა და ენერგოდაზოგვის ღონისძიებების მხარდაჭერა და ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარება და ამ კუთხით ახალი ევროპული ტექნოლოგიების დანერგვა“ - განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო, ევროკავშირისა და სხვა დონორების მხარდაჭერით, უმნიშვნელოვანეს ენერგეტიკულ რეფორმას ახორციელებს. „ჩვენ დიდად ვაფასებთ ევროკავშირისა და საერთაშორისო დონორების მხარდაჭერას საქართველოში ენერგეტიკული რეფორმების განხორციელების პროცესში, რომელთა მიზანსაც წარმოადგენს ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის გზით საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლება, განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებით მდგრადი განვითარება, ენერგოეფექტურობის დანერგვა საყოფაცხოვრებო და კომერციულ სექტორებში, ენერგობაზრის ლიბერალიზაცია, სექტორის საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდა და სხვ,“ - აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი წყაროებიდან ენერგიის გამოყენების წახალისების კუთხით მიღებული კანონმდებლობა, ქმნის სამართლებრივ საფუძველს,  რათა ქვეყნის ენერგეტიკა უფრო კონკურენტული და მიმზიდველი გახდეს.


დაგვიკავშირდით

2 99 11 11
2 99 11 70

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©