ნათია თურნავა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს გაეცნო
29-06-2020

„ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა გაორმაგდება და წელიწადში 1,2 მლნ მგზავრს შეადგენს. თუმცა აეროპორტი, რეკონსტრუქციის შემდეგ, განსაკუთრებულ შემთხვევაში, წელიწადში 1,5 მლნ მგზავრის მომსახურებას შეძლებს“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას, სადაც ის, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, აჭარის რეგიონის მთავარი აეროვაგზლის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს გაეცნო. რეკონსტრუქციას აეროპორტის მმართველი კომპანია „ტავ - ჯორჯია“ ახორციელებს.

მინისტრის განცხადებით, რეკონსტრუქციას დაექვემდებარება აეროპორტის როგორც გაფრენის, ისე მოფრენის დარბაზები, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მგზავრთა მგზავრობის კომფორტის ხარისხს. „მას შემდეგ, რაც დასრულდება კორონავირუსთან დაკავშირებული გლობალური გამოწვევა, საქართველოში კვლავ გაგრძელდება ტურიზმის განვითარება და ტურისტების სტატისტიკა აღმავალ ტენდენციას დაუბრუნდება. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი და აღნიშნული პროექტი არის იმ ოპტიმისტური ხედვის ნაწილი, რომელსაც ჩვენთან ერთად, სრულად იზიარებს აეროპორტის მენეჯმენტ-კომპანია, ჩვენ კი ამ პროცესს ხელს ვუწყობთ“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

პროექტის ფარგლებში იგეგმება არსებული სამგზავრო ტერმინალის შენობის გაფართოება მოფრენის მხარეს - 30 მეტრით, გაფრენის კი - 42 მეტრით. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტში, „ტავ ჯორჯია“ 14 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2021 წლის თებერვლის ბოლომდე დასრულდება.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021