ნათია თურნავა - ავიაკომპანია Wizz Air რჩება საქართველოში და აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას
01-07-2020

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განაცხადებით ავიაკომპანია Wizz Air რჩება საქართველოში, აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას და თავისი მომხმარებლის, საქართველოს მოქალაქეების ერთგული რჩება.

მინისტრის განცხადებით, უნგრული ავიაკომპანია საქართველოში 2012 წლიდან ოპერირებს და საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ Wizz Air-ის არეალი გაფართოებულიყო. ნათია თურნავას თქმით, ახალი კორონავირუსის პანდემიამდე, Wizz Air საქართველოდან 30-მდე მიმართულებით ოპერირებდა და კიდევ 10-მდე ახალი მიმართულება ჰქონდა დააანონსებული.

„ახლახან პირადად ვესაუბრე კომპანიის ხელმძღვანელობას და Wizz Air თავადაც დაადასტურებს საჯაროდ, რომ არსად არ გადის, აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან და საქართველოსთან თანამშრომლობას, ერთგული რჩება თავისი მომხმარებლების, ჩვენი მოქალაქეების, ვინც მთელი ამ წლების განმავლობაში Wizz Air-ის მეშვეობით და ჩვენი ხელშეწყობით ძალიან კომფორტულად და საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასებით მგზავრობდა საქართველოდან და პირიქით“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, დღეს ავიაციის გლობალური ინდუსტრია საკმაოდ დიდი სირთულეების წინაშეა და ბუნებრივია, ნებისმიერი ავიაკონმპანია ცდილობს შეამციროს დანახარჯები, აკეთებს სხვადასხვა თვითმფრინავების გადაჯგუფებას, რეალოკაციას, რაც არის წმინდა ტექნიკური საკითხი. ამიტომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, Wizz Air-ს თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში ეყოლება დაყენებული, თუ რომელიმე თავის ბაზაზე გადაიყვანს.

„მთავრია, რომ Wizz Air არსად გადის. კომპანიის განაცხადი შემოსულია ოფიციალურად ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით და ელოდება ჩვენს შეტყობინებას. რა მომენტშიც ვიქნებით მზად და ჩავთვლით შესაძლებლად, რომ უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით გარკვეული მიმართულებები უნდა გააქტიურდეს, Wizz Air გააგრძელებს ფრენებს და ამას თავად კომპანია უახლოეს ხანებში დაადასტურებს“ - აღნიშნა ნათია თურნავამ. 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021