ნათია თურნავა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს პიტერ სიიარტოს შეხვდა
06-07-2020

„უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის ვიზიტი პრაქტიკულად პირველი მაღალი რანგის ვიზიტია საქართველოში საგანგებო ვითარების დასრულების შემდეგ. ეს სიმბოლურია, რადგან უნგრეთი ჩვენი მოკავშირე სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა, რომელთანაც გვაქვს ბევრი საერთო პროგრამა და პროექტი და მზარდი ეკონომიკური თანამშრომლობა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოსთან შეხვედრის შემდეგ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ორივე ქვეყნის სხვა ოფიციალური პირები.

ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე ინვესტიციების მიმართულებით. „უნგრეთის მინისტრმა ბრძანა, რომ ჩვენს მსგავსად, უნგრელი ინვესტორებიც ხედავენ საგარეო ბაზარზე ახალ შესაძლებლობებს, რომლებიც გაჩნდა პოსტპანდემიურ პერიოდში. კომპანიებს სურთ დივერსიფიკაცია. მათ შორის არიან უნგრელი ინვესტორებიც. უნგრეთის მინისტრმა აღნიშნა, რომ უნგრეთის სახელმწიფო განვითარების ბანკში „ექსიმბანკში“ სპეციალური საკრედიტო ხაზია გამოყოფილი იმ უნგრული კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოში თავისი თანხების დაბანდებას გადაწყვეტენ და ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ,“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. 

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ორმხრივი მიმოსვლის აღდგენის საკითხზე. „საქართველო და უნგრეთი, სპეციალური მუშა-ჯგუფის ფარგლებში, პროცედურებს შეიმუშავებს, რომლითაც შესაძლებელი იქნება, ძალიან ფრთხილად გაიხსნას ჩვენი ბაზარი უნგრეთის ვიზიტორებისთვის და ასევე უნგრეთის საზღვრები საქართველოდან წამსვლელებისთვის, რათა არ დაზარალდეს ის დადებითი ეპიდემიოლოგიური ვითარება, რაც გვაქვს ორივე ქვეყანაში და ეს პროცესი ძალიან აქტიურად წარიმართება,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მინისტრებმა შეხვედრაზე გაამახვილეს ყურადღება, უნგრული ავიაკომპანია „Wizz Air"-ს შეეხებოდა. ნათია თურნავას განცხადებით, უნგრული ავიაკომპანია საქართველოში ძალიან აქტიურად მუშაობს და იმ პირობებში, რომელიც მას საქართველოში შეუქმნეს, მნიშვნელოვნად გააფართოვა საქმიანობის არეალი. „უნგრელი სტუმარი მიესალმა ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რათა „Wizz Air“ ჩავრთოთ ჩვენს სამთავრობო პროგრამაში, რომელიც გულისხმობს ჩვენი თანამემამულეების გეგმაზომიერ ჩამოყვანას ევროპიდან. „Wizz Air“ ჩვენი ერთ-ერთი მოკავშირეა ამ პროგრამაში. რასაკვირველია, „Wizz Air"-თან ერთად ველოდებით იმ პერიოდს და ერთად ვმუშაობთ, როდესაც შევძლებთ უფრო მასობრივი რეგულარული ფრენების აღდგენას. ამ ეტაპზე კი, უნგრული ავიაკომპანია ჩვენი მოქალაქეების გეგმაზომიერ ჩამოყვანაში დაგვეხმარება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021