ნათია თურნავა ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა
13-07-2020

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა და კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემები და მათი დარეგულირების საკითხები განიხილა. 

შეხვედრას სასტუმროების, ტურისტული ასოციაციებისა და ტუროპერატორების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

შეხვედრაზე მინისტრმა ინდუსტრიას ის წესები და რეგულაციები გააცნო, რომელიც გავრცელდება იმ ხუთი ქვეყნიდან ჩამოსულ ვიზიტორებზე, ვისთანაც საქართველომ საზღვრები უპირობოდ გახსნა. გარდა ამისა, სექტორი გაეცნო ინფორმაციას სპეციალური ელექტრონული პლატფორმებისა და აპლიკაციის შესახებ, რომლითაც საქართველოში ჩამოსვლის მსურველი ბიზნეს ვიზიტორები ისარგებლებენ. 

ნათია თურნავას განცხადებით, ტურიზმის ინდუსტრია კოვიდ 19-ის გავრცელების შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა, ამიტომ ინდუსტრიასთან შეხვედრა პერიოდულად ხდება და მათ სჭირდებათ მუდმივი მონიტორინგი. 

„ტურიზმის სექტორს მთელი მთავრობა ძალიან ინტენსიურად ვეხმარებით, რათა შევუმსუბუქოთ კრიზისის ზემოქმედება და ეს სირთულე ნაკლები დოზით იგრძნონ. დღევანდელ შეხვედრაზე გარდა იმისა, რომ მოვისმინეთ მათ წინაშე არსებული გამოწვევები და ვისაუბრეთ მათ გადაჭრაზე, გავაცანით სიახლეები, განსაკუთრებით იმ 15 ქვეყანაში მიმდინარე ეპიდვითარებაზე, რომელთან ერთადაც საქართველო ევროკავშირმა უსაფრთხო ქვეყნად გამოაცხადა“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. 

მინისტრის თქმით, დარგში არსებული გამოწვევების მიუხედავად, სასიხარულოა, რომ არსებობს გარკვეული ოპტიმიზმი განსაკუთრებით იმის ფონზე, თუ რამდენად აქტიურად ამოქმედდა ადგილობრივი ტურიზმი. 

„ინდუსტრიას მოვუყევით იმ ძალიან მასშტაბურ საინფორმაციო და მარკეტინგულ კამპანიაზე, რომელიც წამოვიწყეთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა, მათ შორის აქ მცხოვრებმა უცხოელებმა იმოგზაურონ საქართველოში და საქართველოსთვის, რათა ყველამ ხელი შევუწყოთ ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას“ - განაცხადა ნათია თურნავამ. 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021