ნათია თურნავამ სამკერვალო საწარმოს „ქართლი ტექსტილის“ მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
14-07-2020

ნათია თურნავამ რუსთავში, კომპანია „აჭარა ტექსტილის“ შვილობილი სამკერვალო საწარმოს „ქართლი ტექსტილის“ მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ასევე მთავრობის წევრები და ბიზნესმენები ესწრებოდნენ.

„მსურს მივულოცო ახალი საწარმოს მშენებლობის დაწყება „აჭარა ტექსტილს“ - თურქ ინვესტორებს, რომლებიც უკვე ათი წელიწადზე  მეტია შესანიშნავ ქართულ საქმეს აკეთებენ საქართველოში. ფლობენ სამ მსხვილ საწარმოს დასავლეთ საქართველოში, ასაქმებენ 3500 ადამიანს და ამ საწარმოთა რიცხვს შეემატება „ქართლი ტექსტილიც,“ სადაც დამატებით 3000 ჩვენი თანამემამულე დასაქმდება“ - განაცხადა ნათია თურნავამ ახალი სამკერვალო საწარმოს მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

ნათია თურნავას თქმით, ეს არის შესანიშნავი პროექტი და მნიშვნელოვანი ინვესტიცია, რომელიც საქართველოს საექსპორტო პოტენციალის გაძლიერებაში თავის წვლილს შეიტანს, შესაბამისად, სახელმწიფო, მთავრობა აქტიურად უდგას გვერდში მსგავს პროექტებს. „მნიშვნელოვანია, რომ „აჭარა ტექსტილის“ საქმიანობის შედეგად ძალიან ბევრმა ქვეყანამ გაიცნო საქართველო. კომპანია წლების მანძილზე თანამშრომლობს ცნობილ მსოფლიო ბრენდებთან და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბევრი წარჩინებული, ცნობილი მსოფლიო სპორტსმენი ატარებს საქართველოში შეკერილ ფორმას“ - განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომპანია „აჭარა ტექსტილი“ ერთ-ერთი პირველი ჩაერთო პირბადეების წარმოების სახელმწიფო პროგრამაში და სამი მილიონი პირბადე შეკერა იმ პერიოდში, როდესაც ეს სახელმწიფოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.

შპს „ქართლი ტექსტილს“ რუსთავში სამკერვალო საწარმოს მშენებლობა/მოწყობისთვის სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცა მიწა მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით, სადაც სამკერვალო საწარმოს ასაშენებლად კომპანია 20 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. აქედან 10 მლნ ლარი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში აღებული სესხია. პროექტის ფარგლებში დასაქმდება 3000 ადამიანი, მათ შორის 90% ქალი. 

„აჭარა ტექსტილს“ უკვე აქვს სამი სამკერვალო ფაბრიკა ბათუმში, ფოთსა და ქობულეთში, სადაც დასაქმებული ჰყავს 3500 ადამიანი. კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან  საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: Nike, ADIDAS, Puma, Lotto, Erima, ახლო მომავალში დამკვეთი კომპანიების რიცხვს შეემატება “New Balance” და “Under Armour”. კომპანია 100%-ით ექსპორტზეა ორიენტირებული და წლიურად 15 000 000-ზე მეტი ერთეული პროდუქციის წარმოებას და ექსპორტს ახორციელებს.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021