ნათია თურნავამ ენერგეტიკოსებს პროფესიული დღე მიულოცა
10-09-2020

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ენერგეტიკის დარგში დასაქმებულ ადამიანებს პროფესიული დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ მაქსიმალური გააკეთა ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის. 

„მინდა მოგილოცოთ ეს შესანიშნავი დღე ყველას, იმ ადამიანებს, რომელთა შრომა, ცოდნა და თავდადება ნაბიჯ-ნაბიჯ ქმნიდა და ქმნის ქართული ენერგეტიკას“, - განაცხადა ენერგეტიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ნათია თურნავამ.

„დარგის განვითარება არის პრიორიტეტი, რომელიც მიზნად დაისახა ჩვენმა ხელისუფლებამ და დარწმუნებული ვარ, ყველასთვის ცნობილია ის რეფორმები თუ პროექტები, რომელსაც მთავრობა კერძო სექტორთან ერთად ახორციელებს ენერგეტიკის სფეროში. აქედან გამომდინარე, თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ყველა ადამიანი, რომელიც პროფესიულად ჩართულია ენერგეტიკის დარგის მშენებლობაში, ასრულებს ისტორიულ ფუნქციას, რადგან ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი განვითარება და ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში, სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებთან ერთად, გადის სწორედ ენერგეტიკაზე“. 

მისივე თქმით, 2017 წელს საქართველო ევროპული ენერგეტიკული გაერთიანების ოჯახის წევრი გახდა, რამაც დღის წესრიგში დააყენა ახალი გამოწვევები და ამოცანები, რომ საქართველო არამარტო ძლიერ ენერგეტიკულ ბაზრად, არამედ ევროპულ ყაიდაზე, ევროპული სტრუქტურით და წესით ფუნქციონირებად ბაზრად გარდაიქმნას. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ თვალსაზრისით ბევრი სიახლეა - დაფუძნდა ენერგეტიკული ბირჟა, რომელიც ცივილიზებულ, გამჭვირვალე ბაზრის ელემენტებს გააძლიერებს ენერგეტიკაში, ასევე მირებულია ჩარჩო-კანონმდებლობის მთელი პაკეტი.

„მივიღეთ განახლებული კანონი ენერგეტიკის შესახებ, ახალი კანონი ენერგოეფექტურობის შესახებ, მთელი რიგი კანონქვემდებარე აქტები და გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, როგორ განვავითაროთ თუნდაც საკანონმდებლო ჩარჩო, რაც, საბოლოო ჯამში, ზრდის ჩვენი მოსახლეობის ელექტროენერგიითა და გაზით მომარაგების საიმედოობას,  ბაზრის გამჭვირვალობას და ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველს ხდის ამ გარემოს, იმიტომ, რომ ეს იქნება განსაკუთრებით ევროპული, დასავლელი ინვესტორებისთვის ნაცნობი თამაშის წესები“ - განაცხადა ნათია თურნავამ

„გეგმაში გვაქვს კიდევ დაახლოებით 2000 მეგავატის ჯამური სიმძლავრის სადგურები, მათ შორის მსხვილი ჰიდროსადგურები, მაგალითად, ახლახან დაწყებული „ნამახვანი ჰესის“ პროექტი, ასევე მიკროჰიდროსადგურები, როგორიც ავამოქმედეთ, მაგალითად, შატილში, რომ მოსახლეობა იყოს უზრუნველყოფილი ელექტროენერგიით, ასევე გაზით და სხვა სიკეთეებით“ - განაცხადა ნათია თურნავამ. 

მისივე შეფასებით, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი აისახება მოსახლეობაზე: „ხაზგასასმელია გაზიფიკაციისა და ელექტრიფიკაციის ინფრასტრუქტურული პროექტები. მასშტაბური გაზიფიცირების ფარგლებში დღემდე უკვე 1000 ისეთი დასახლებული პუნქტია გაზიფიცირებული, სადაც, ისტორიულად, გაზი არასოდეს ყოფილა, 2021 წელს, სამწლიანი პროგრამის ფარგლებში, ამ სიას კიდევ 400 დასახლებული პუნქტი შეემატება და მთლიანობაში, საქართველო გაზიფიცირების დონით 90 პროცენტს დაფარავს, რაც უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია, განსაკუთრებით მთა-გორიანი ლანდშაფტის მქონე ქვეყნისთვის“ - აღნიშნა მინისტრმა.




დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021