„მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველო მე-8 პოზიციაზე დაწინაურდა
11-09-2020

2020 წლის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველოს ქულა და პოზიცია გაუმჯობესდა და 8.18 ქულით ლიდერი ქვეყნების ათეულში მე-8 პოზიცია დაიკავა. 2019 წლის ანგარიშში საქართველო მე-9 ადგილზე იყო.   

„საქართველო ბოლო პერიოდში ყოველთვის ლიდერი ქვეყნების ტოპ-ათეულშია. წელს ჩვენ ძალიან ბევრ მაღალგანვითარებულ ქვეყანას ვუსწრებთ, მათ შორის, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, კანადას, პოსტსაბჭოთა სივრცეში პრაქტიკულად ყველა ქვეყანას, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი სახელისუფლებო გუნდის რეფორმების დამსახურებაა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

რეიტინგი „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლება“ ქვეყნებს ხუთი ძირითადი მიმართულებით აფასებს. საქართველომ, წინა წელთან შედარებით, მდგომარეობა გაიუმჯობესა ისეთ ინდიკატორებში, როგორიცაა „სამართლებრივი სისტემისა და საკუთრების უფლებების დაცვა“ და მყარი ვალუტა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს უმაღლესი - 10 ქულიანი შეფასება აქვს ისეთი მიმართულებით, როგორიცაა: ზღვრული საგადასახადო განაკვეთი; მარეგულირებელი შეზღუდვები უძრავი ქონების რეალიზაციაზე; უცხოურ ვალუტაში საბანკო ანგარიშის ფლობის თავისუფლება; შავ ბაზარზე გაცვლითი კურსების არარსებობა; ფინანსური გახსნილობა; კომერციული ბანკების არსებობა და სესხების საპროცენტო განაკვეთებზე კონტროლი.

„მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ირლანდია (მე-9), ლიეტუვა (მე-10), კანადა (მე-12), დიდი ბრიტანეთი (მე-13), ესტონეთი (მე-14), სომხეთი (მე-17), ლატვია (მე-18), იაპონია (მე-19), გერმანია (21-ე), ჰოლანდია (24-ე), ავსტრია (26-ე),  ფინეთი (29-ე), ლუქსემბურგი (31-ე), სამხრეთ კორეა (36-ე), სლოვაკეთი (38-ე), საფრანგეთი (58-ე), პოლონეთი (77-ე), მოლდოვა (78-ე), რუსეთი (90-ე), თურქეთი (99-ე), აზერბაიჯანი (112-ე), ბელორუსი (114-ე), უკრაინა (131-ე) და სხვა.

„მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლება“ შემუშავებულია კანადური Frazer Institute-ისა და ეკონომიკური თავისუფლების მსოფლიო ქსელის წევრი ინსტიტუტების მონაწილეობით. რეიტინგი ზომავს ქვეყანაში განხორციელებული პოლიტიკური კურსისა და ინსტიტუციების ხარისხს, რაც განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკურ თავისუფლებას. მონაცემები, რომლებიც მუშავდება ყოველწლიურად, დაფუძნებულია მესამე მხარის მიერ წარმოდგენილ მონაცემებსა და  დამოუკიდებელ კვლევაზე 162 ქვეყნისათვის. რეიტინგში გამოყენებული მონაცემების ნაწილი ეფუძნება ისეთ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზების კვლევასა და შეფასებებს, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი და სხვა.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021