ზურაბ პოლოლიკაშვილმა UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
16-09-2020

საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომას მასპინძლობს, რომელიც სასტუმრო „ბილტმორში“ გახსნა. 

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა. 

„მსოფლიო პანდემიის გამო ტურიზმის მიმართულებები რისკის ქვეშ არის, მაგრამ დღეს ნამდვილად ისტორიული ღონისძიებაა, რადგან პანდემიის შემდეგ პირველად იმართება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის საბჭოს სხდომა. ჩვენ ერთად ვართ ძლიერები, რაც გვაძლევს ტურიზმის აღდგენისა და ამ პროცესის მართვის უნიკალურ პოტენციალს“ - ამის შესახებ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა სასტუმრო „ბილტმორში“ UNWTO-ს  საბჭოს სხდომის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის,  რომ შეარბილოს პანდემიით გამოწვეული ნეგატიური შედეგები.

„ცარიელი ქალაქების და დახურული  მუზეუმების ნახვა ძალიან ძნელია. ერთადერთი გზა ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად არის ჩვენი შემართება და კიდევ ის, რომ ძალიან ძლიერი მხარდაჭერა გვაქვს  გაეროსგან, მადლობა მათ ამ ძალისხმევისთვის. ასევე მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ მინისტრს, საქართველოს მთავრობას, ეკონომიკის სამინისტროს  ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას და  ყველას,  ვინც შექმნა  მეგობრული ატმოსფერო“ - განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს სხდომას მსოფლიოს 24 ქვეყნის 170-მდე დელეგატი ესწრება, მათ შორის არიან ესპანეთის, საბერძნეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, მაროკოს, საუდის არაბეთის და სხვა ქვეყნების მაღალი რანგის სტუმრები. 




დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021