ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საპილოტე ქსელის მშენებლობა დაიწყო
19-10-2020

ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის საპილოტე პროექტის ფარგლებში, გურიის რეგიონის ოზურგეთის გეოგრაფიულ არეალში ფართოზოლოვანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ადგილზე დაათვალიერა მიმდინარე სამუშაოები. მინისტრთან ერთად ოზურგეთში ინტერნეტის ქსელის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი, „Open net“-ის დირექტორი მამარიამ სულაბერიძე. 

„ვასრულებთ დაპირებას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მისცა მოსახლეობას - დავიწყეთ „ოუფენ ნეტის“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და საპილოტე მუნიციპალიტეტში სამუშაოები უკვე რამდენიმე დღეა, ძალიან მაღალი ტემპით მიმდინარეობს.  საპილოტე რეგიონად გამოვყავით  ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სადაც ზოგან არ არის ინტერნეტი, ზოგან კი ძალიან დაბალი ხარისხისაა. მაქსიმუმ თებერვალში უკვე გვექნება ე.წ. „განათებული ქსელი“, რაც იმას ნიშნავს რომ მაღალხარისხიანი ინტერნეტით უკვე ისარგებლებენ აქაური ოჯახები“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

რეგიონის ძირითადი პარამეტრებია: დასახლებული პუნქტების რაოდენობა - 49, შინამეურნეობა - 8 516, მოსახლეობის რაოდენობა - 28 576 მოსახლე, ოპტიკური კაბელის საორიენტაციო სიგრძე - 150 კილომეტრი.  

საპილოტე ქსელის მშენებლობის პარალელურად, მსოფლიო ბანკთან ერთად დაგეგმილია ინტერნეტიზაცია მთელი საქართველოს მასშტაბით - ეს იქნება 1000 -მდე დასახლებული პუნქტი (მათ შორის, მაღალმთიანი სოფლები). პროექტით გათვალისწინებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განხორციელებით სარგებელს მიიღებს დაახლოებით 500 000 ადამიანი. 

ხარისხიანი და უწყვეტი ინტერნეტკავშირის საჭიროება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გხდა COVID-19-ის პანდემიის პირობებში, როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილი მუშაობის ციფრულ პლატფორმებზე გადავიდა. საპილოტე ქსელის პარალელურად, მსოფლიო ბანკმა, საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, შეიმუშავა პროექტი "Log in Georgia", რომელიც  უზრუნველყოფს რეგიონებში ფართოზოლოვან ინტერნეტქსელებთან ხელმისაწვდომობას. Log-in Georgia-ს პროექტისთვის მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 35.7 მლნ ევროს მოცულობის (40 მლნ. აშშ დოლარი) დაფინანსება უკვე გამოყო.  

მნიშვნელოვანია, რომ აშენებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ნებისმიერი ოპერატორისთვის თავისუფალი, შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული პირობებით ღია დაშვების მომსახურების მიწოდებას. შემუშავებული მოდელით ოპერატორებს მიეცემათ შესაძლებლობა განავითარონ საკუთარი ქსელები, ხოლო მომხმარებლებმა ისარგებლონ ხარისხიანი ინტერნეტით. 

პროექტი „ოუფენ ნეტის“ მიერ კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერითა და საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ზედამხედველობით ხორციელდება
 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021