ნათია თურნავა ნამახვან ჰესზე მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო
23-10-2020

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ნამახვან ჰესის მშენებლობის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო. პროექტის განხორციელება მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და ამჟამად ერთდროულად ოთხ ლოკაციაზე მიმდინარეობს. მინისტრთან ერთად ობიექტზე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და პროექტის ინვესტორი კომპანიის წარმომადგენელი და ნამახვანის პროექტის ხელმძღვანელი ბარან ოზგენი იმყოფებოდნენ.   

პროექტის ხელმძღვანელმა მინისტრს და გუბერნატორს გააცნო სოციალური პროექტები, რომელთაც ინვესტორი კომპანია „ენკა“ მშენებლობის ზონის დასახლებებში ახორციელებს ან გეგმავს. პროექტებში ძირითადი აქცენტი მცირე ბიზნესის განვითარებასა და განათლების ხელშეწყობაზეა გაკეთებული. მათ შორის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში პროექტის არეალში მყოფ სამ სკოლას გადაეცა კომპიუტერები, შედგა სკოლების საჭიროებების შეფასება და ამჟამად უკვე დაწყებულია ორი სკოლის ტერიტორიაზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. გარდა ამისა, საპროექტო კომპანიის სოციალური გუნდის დახმარებით, 50-მდე მცირე მეწარმემ შეიტანა საგრანტო განაცხადი ისეთ პროგრამებში, როგორებიცაა UN FAO, GRETA, „აწარმოე საქართველოში“. გრანტიორ მეწარმეებს კომპანია ENKA მიკროგრანტებს გადასცემს. ასევე იგეგმება აქტივობები ქალთა გაძლიერების მიმართულებით. მათ შორის, ქალი-მეწარმეების მხარდაჭერა.

„ნამახვანი ჰესის პროექტი ერთ-ერთი კარგი მაგალითია, როდესაც ასეთი მსხვილი დიდი სამშენებლო პროექტი მთავრობის ჩართულობით შეიძლება ხორციელდებოდეს ისე, რომ ნაკლები ზიანი მიაყენოს ბუნებას და ადგილობრივი მოსახლეობაც იყოს მაქსიმალურად კმაყოფილი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მსხვილი ჰიდროსადგური დადგმული სიმძლავრით 430 მგვტ; მსხვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 800 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, რომელსაც თურქული კომპანია „ENKA" ახორციელებს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ეს რომ ეს არის საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაში შეტანილი ძალიან დიდი წვლილი, რადგან მშენებლობის დასრულების შემდეგ საკუთარი გენერაციით ჩვენი მოხმარების თითქმის 12 პროცენტი იქნება უზრუნველყოფილი. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს არის დიდი დასაქმება და კეთილდღეობა, რაც ამ პროექტს მოაქვს ადგილობრივი მოსახლეობისთვის“ - აღნიშნა მინისტრმა.

პროექტში ამ დროისთვის 370-მდე ადამიანია ჩართული. ჯამში ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტში საქართველოს 1600-მდე მოქალაქე იქნება დასაქმებული.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11
2 99 11 70

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©