ნათია თურნავა - მწვანე განახლებადი ენერგიის განვითარება ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკის პრიორიტეტია
28-10-2020

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბათუმში, მზის ელექტროსადგურით აღჭურვილი საჯარო სკოლა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრ მაია ხაჯიშვილთან და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორთან გიორგი ჩიქოვანთან ერთად მოინახულა. 

„მწვანე განახლებადი ენერგიის განვითარება ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკის პრიორიტეტია, ეს პრიორიტეტი გულისხმობს ისეთი პროექტების განვითარებასაც, რომელიც ახალი განახლებადი ენერგიის წყაროებს, ამ შემთხვევაში მზის ენერგიას ამუშავებს ჩვენი განათლების სისტემის სასარგებლოდ. ჩვენი პროექტის ფარგლებში უკვე ოცამდე სკოლაში ხდება სახურავებზე მზის პანელების მონტაჟი, რაც ერთი მხრივ, დააზოგინებს სკოლებს ელექტროენერგიის საფასურს და მეორე მხრივ, პირიქით, ჭარბი ენერგიის გამომუშავების შემთხვევაში, სკოლას შესაძლებლობას მისცემს ელექტროენერგია სისტემას მიაწოდოს და დამატებითი შემოსავალი მიიღოს. პროექტი, რომელიც ხორციელდება ენერგეტიკის განვითარების ფონდისა და აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, მხოლოდ ბათუმში მოიცავს 13 სკოლას, ასევე დანარჩენ რეგიონებში რამდენიმე სკოლას და თბილისშიც იგივე სისტემებს დავნერგავთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. 

ბათუმის 13 საჯარო სკოლაში მზის ელექტროსისტემების ჯამური დადგმული სიმძლავრე 333 კვტ-ს შეადგენს. პროექტის ჯამური ღირებულება კი ნახევარ მილიონ ევროს აღემატება.

,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა" და ლიეტვური კომპანია შპს "ia Solis"-ის პარტნიორობით შემუშავებულმა პროექტმა ლიეტუვის გარემოს დაცვის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს მიერ გამოყოფილი გრანტი მოიპოვა. პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს, პერსონალს და ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება მიეცემათ უკეთ გაეცნონ განახლებადი რესურსების სპეციფიკას და მისი პირდაპირი დადებითი ეფექტი და სარგებელი შეაფასონ.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021