DCFTA-ს საკონსულტაციო ჯგუფის მერვე შეხვედრა გაიმართა
21-12-2020

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, ონლაინ რეჟიმში, DCFTA-ის საკონსულტაციო ჯგუფის მერვე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე და ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, DAG-ის თავჯდომარის მოადგილე, გიორგი კაჭარავა უძღვებოდნენ.  
 
შეხვედრის მთავარი თემა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და DCFTA-ის განხორციელებაში ჩართული უწყებების მიერ შემუშავებული DCFTA-ის განხორციელების საშუალოვადიანი 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის პროექტის განხილვა იყო. შეხვედრის ფარგლებში გეგმის პრეზენტაციის შემდეგ, ჯგუფის წევრების მიერ წარმოდგენილ წინადადებებსა და შენიშვნებზე გაიმართა კონსულტაციები.

საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრაზე, ასევე, განხილული იქნა სხვადასხვა სახის წინადადებები, განსაკუთრებული ხაზი გაესვა ევროპის მეწარმეთა ქსელში (EEN) მეტი ქართული კომპანიის ჩართვის მიზნით ღონისძიებების საჭიროებას. ბიზნეს ასოციაციებმა გამოიხატეს მზაობა ამ მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურებისთვის.

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წარმომადგენელმა ჯგუფის წევრებს გააცნო ინფორმაცია რუმინეთში, კერძოდ, ქალაქ კონსტანცაში ლოჯისტიკური ჰაბის შექმნასთან დაკავშირებით, სადაც მოხდება საქართველოდან ექსპორტირებული საკონტეინერო ნაკრები ტვირთების შეკრება და განაწილება. ლოჯისტიკური ჰაბი 15 იანვრიდან ამოქმედდება და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული კომპანიების ექსპორტს ევროკავშირის ქვეყნებში. დაწვრილებითი ინფორმაცია ჯგუფის წევრებს დაეგზავნებათ.   
 
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ევროპული ბიზნეს ასოციაციისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი - საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებმა.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021