ნათია თურნავამ უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან ონლაინ შეხვედრა გამართა
09-02-2021

საპორტო, სარკინიგზო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის ერთობლივი განვითარების საკითხები განიხილეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, ინვესტიციებისა და ვაჭრობის მინისტრმა სარდორ უმურზაკოვმა ონლაინ-შეხვედრაზე. 

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე, ლოგისტიკური დერეფნის განმტკიცებასა და სამომავლო გეგმებზე, ორმხრივი ვაჭრობის განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით თანამშრომლობაზე. 

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო და უზბეკეთი არიან პარტნიორი ქვეყნები, მეგობრები და რეგიონში ძალიან სწრაფად, მზარდად განვითარებადი სახელმწიფოები. როგორც მინისტრმა აღნიშნა, უზბეკეთი ძალიან ბევრი მიმართულებით სწავლობს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს და გარკვეულ მაგალითსაც იღებს აქედან.

„სატრანსპორტო-ლოგისტიკური დერეფნის განვითარების  თვალსაზრისით ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენსა და უზბეკეთს შორის განმტკიცებული თანამშრომლობა. მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები შესაძლებელს ხდის,  რომ მთლიანად სამხრეთ აზიის რეგიონი უზბეკეთის გავლით და შემდეგ უკვე მულტიმოდალური სატრანსპორტო დერეფნით, საქართველოს პორტების გამოყენებით დაუკავშირდეს ევროპას. და ამისთვის ძალიან საინტერესო, დიდი სარკინიგზო პროექტები ხორციელდება როგორც უზბეკეთში, რომელიც აკავშირებს ავღანეთს, პაკისტანს, შემდგომში ინდოეთს, ასევე საქართველოში“ - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის გაღრმავებაზე ტურიზმის სფეროში. 

მინისტრების შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ორი ქვეყნის მიერ შექმნილ, ერთობლივ სამუშაო ჯგუფს საქართველო უმასპინძლებს, რომელიც სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში ერთობლივი ინვესტიციების საკითხებზე იმუშავებს. გარდა ამისა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება შეიქმნას კიდევ ერთი ორმხრივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც განსაზღვრავს პოტენციალის მქონე საექსპორტო პროდუქციას და შეარჩევს მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტებს.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021