ნათია თურნავა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის სამუშაო გეგმას გაეცნო
11-02-2021

ნათია თურნავა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელ გუნდს შეხვდა და მათ სამუშაო გეგმას გაეცნო.

საუბარი წარიმართა პროგრამის ფარგლებში ბოლო დროს განხორციელებულ და მიმდინარე პროექტების შესახებ. ასევე, განიხილეს სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები.

USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა მარკ მაკორდმა მინისტრს გააცნო პროგრამის მიერ გაწეული საქმიანობა. ყურადღება გამახვილდა სამინისტროს სისტემაში შემავალ სააგენტოებთან თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე, რომლებიც მოიცავს ისეთ სექტორებს, როგორიცაა ტურიზმი, მსუბუქი მრეწველობა, ინოვაციები და სხვ. ხაზი გაესვა პოსტ-პანდემიურ პერიოდში ტურიზმის ხელშეწყობის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით თანამშრომლობას.

მინისტრის განცხადებით, პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ტურიზმია. მისი თქმით, პროგრამა ეხმარება ქართულ მხარეს პოსტ-კოვიდ-ის პერიოდში ტურიზმის აღდგენის სტრატეგიის შემუშავებაში. გარდა ამისა, მხარდაჭერას უწევს სექტორში დასაქმებულ ადამიანებს პანდემიით გამოწვეული სირთულეების დაძლევაში.

„აშშ-ის მთავრობა, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, ეხმარება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, რათა უფრო ეფექტური გახდეს ჩვენი ეკონომიკის ძირითადი სექტორები უცხოელი ინვესტორებისთვის. განთავსების კონსულტანტების პროექტის ფარგლებში, ისინი იმუშავებენ გლობალურ კომპანიებთან, რომ სწორედ საქართველო გახდეს მათი სამომავლო ინვესტიციის განხორციელების ადგილი“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

პროგრამის კიდევ ერთი პარტნიორია სააგენტო „აწარმოე საქართველოში“. კერძოდ, პროგრამა მონაწილეობს ე.წ. განთავსების კონსულტანტების პროექტში.

რაც შეეხება სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებს, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სტარტაპერების მხარდაჭერაზე, რომლის ფარგლებშიც ქართველ ინოვატორებს აქვთ შესაძლებლობა, აშშ-ში სილიკონ ველზე თავისი პროექტები პოტენციურ ინვესტორებს წარუდგინონ.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, პროგრამა ასევე ეხმარება საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას, რომელიც განკარგავს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს. ურთიერთთანამშრომლობის მიზანია, აღნიშნული აეროპორტი გადაიქცეს დასავლეთ საქართველოს ტურისტული მიზიდულობის ცენტრად და ჰაბად, საიდანაც ტურისტები დასავლეთ საქართველოს ღირსშესანიშნაობებს გაეცნობიან. 

ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა აშშ-ს მთავრობასა და ამერიკელ ხალხს, რომლებიც USAID-ისა და კონკრეტულად კი ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მეშვეობით ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას და განსაკუთრებით პანდემიის შედეგად არსებული გამოწვევების დაძლევას.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორი მარიკა ოლსონი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები. 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021