ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალში
11-02-2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალში, რომელიც წელს ონლაინ-ფორმატში ჩატარდა. ღონისძიება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გახსნა.

ნათია თურნავა სიტყვით გამოვიდა პლენარულ სესიაზე „სამხრეთ გაზის კორიდორი: მიღწევები, ტაპ-ის პროექტის დასრულება და აზერბაიჯანიდან ევროპაში გაზის მიწოდების დაწყება.“ მისი შეფასებით, წლევანდელი მინისტერიალი არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, რადგან ამ დიდ ინიციატივასა და რეგიონალურ პროექტში მონაწილე ქვეყნებს შეუძლიათ თქვან, რომ მიუხედავად პანდემიისა, ყველა, დასახული ღონისძიება არის შესრულებული.

„ყველა მონაწილე ვართ მართლაც ისტორიული პროცესისა, როდესაც რეალური გახდა ჩვენი და რეგიონის ქვეყნების საუკუნოვანი ოცნება, რომ საქართველოს გავლით ევროპას მიეწოდება კასპიური გაზი. უკვე მოქმედებაშია არამხოლოდ სამხრეთკავკასიური ნაწილი, რომელსაც თავისი სიკეთე მოაქვს საქართველოსთვის, არამედ შაჰდენიზის მეორე ფაზის შემდეგ წარმატებით გაეშვა ტანაპის პროექტი და ახლა უკვე, ბოლოს, ტრანს-ადრიატიკის მილსადენი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, დღეს საუბარია მომავალ, კიდევ უფრო საინტერესო განვითარებაზე, თუნდაც, თურქმენეთის მონაწილეობაზე ამ ინიციატივაში. ასევე საუბარია ახალ მოცულობებზე, ახალ საძიებო სამუშაოებზე, რასაც აწარმოებს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფო აზერბაიჯანი. ასევე მიმდინარეობს მსჯელობა  ამ დერეფნისა და მილსადენების ქსელის კიდევ უფრო გაფართოებაზე და მასში სხვა ევროპული ქვეყნების, მაგალითად, ბალკანეთის ქვეყნების ჩართვაზე.

ნათია თურნავას თქმით, საქართველოსა და ჩვენი მოსახლეობისთვის ასევე მთავარი სიკეთეა შაჰდენიზიდან ე,წ. „უფასო გაზის“ გაზრდილი მოცულობები, რომელიც წლიდან წლამდე იზრდება და ჩვენს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, მათ შორის გაზის ნაწილში განამტკიცებს.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021