ნათია თურნავა “ნამახვანი ჰესის” პროექტთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა
05-03-2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, პრემიერ მინისტრის დავალებით, ექსპერტებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით, ცაგერში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. 

რატომ აშენებს ჰესს უცხოელი ინვესტორი და არა - სახელმწიფო? ინვესტორი ქართველი უნდა იყოს, თუ - უცხოელი? - ამ და მსგავს შეკითხვებს გაეცა შეხვედრაზე პასუხი. განხილული იქნა, ასევე, „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით არსებული მნიშვნელოვანი ასპექტები, მათ შორის - ჰესის უსაფრთხოება, ხელშეკრულების პირობები და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება-გადამზადების საკითხი.

ცაგერში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი „რიონის ხეობის მცველებთან“ კარვებში მივიდნენ. 

„აქ არიან ადამიანები, რომლებსაც  რეალურად ადარდებთ ხეობის ბედი და დავინახეთ, რომ მათი პროტესტი გულწრფელია - აქ ჩვენ არ დაგვხვედრიან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მოწადინებული არიან, რომ რაღაც შოუ დადგან და ანგაჟირებული განცხადებები გააკეთონ. დარწმუნებული ვართ, რომ რასაც ვთავაზობთ ადგილობრივ მოსახლეობას ამ პროექტის მეშვეობით, მათ შორის ეს ხეობის განვითარებასაც ემსახურება“ - განაცხადა ნათია თურნავამ „რიონის ხეობის მცველებთან“ შეხვედრის შემდეგ. 

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია დიალოგი ყველა საჭირბოროტო საკითხზე რაც ამ ადამიანებს ადარდებთ. მისივე განცხადებით,  „ნამახვანი ჰესის“ პროექტი ჯერ მხოლოდ დაწყებულია და ტოვებს სივრცეს, გათვალისწინებული იქნას გარკვეული მომენტები მისი გაუმჯობესებისთვის.

ნათია თურნავას შეფასებით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა იყო ძალიან სასარგებლო, აუცილებელი, ცოტა დაგვიანებულიც, მაგრამ  ამ ეტაპზეც მაინც ძალიან  დადებითი შედეგის მომტანი, რადგან ბევრ კითხვას, რომელიც არსებობს საზოგადოებაში, გაეცა პასუხი. 

„დაისვა კითხვები, რომლებზეც არსებობს მარტივი პასუხები - მაგალითად, ჰესის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კითხვებზე ჩვენმა ექსპერტებმა, ძალიან გამოცდილმა ადამიანებმა განმარტეს, რომ თუნდაც იმ გრავიტაციული კაშხლის, რომელიც შენდება, კოლაფსის და ნგრევის არც ერთი პრეცედენტი არ არსებობს მსოფლიოში და ერთი მემილიარდედია თეორიული შანსი, რომ მას რამე დაემართოს“ - განმარტა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე თქმით, ასევე კარგად არის შესწავლილი  გეოლოგია და  რაღაც ქანებთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც, რატომღაც, სახელდება, არ შეესაბამება სინამდვილეს. მინისტრის განცხადებით, პირიქით, თვითონ კაშხლები როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე „ნამახვანი ჰესის“  შემთხვევაშიც, დაიცავს ხეობას მეწყერული პროცესებისგან. 

ამასთან, მინისტრის განმარტებით, უცხოელ ინვესტორებს მოაქვთ ის სიკეთე, რომ ფულს დებენ საქართველოში, აქ აფუძნებენ და ავითარებენ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში იხდიან გადასახადებს და აქვე ასაქმებენ ადამიანებს.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021