ნათია თურნავა უზბეკეთის ინვესტიციებისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრის მოადგილეს შეხვდა
10-06-2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა უზბეკეთის ინვესტიციებისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრის მოადგილეს ბახტიერ რახიმოვს შეხვდა, რომელიც საქართველოში უზბეკეთის დელეგაციის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. 

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო და უზბეკეთი სტაბილური სავაჭრო პარტნიორები არიან. მისი თქმით, შარშან პანდემიის შედეგად შემცირებული სავაჭრო ბრუნვა 2021 წელს ზრდადი დინამიკით ხასიათდება. კერძოდ, 2021 წლის იანვარი-აპრილის მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 10 პროცენტით გაიზარდა და 31,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ასევე ზრდადი დინამიკა დაფიქსირდა ექსპორტის შემთხვევაში - საანგარიშო პერიოდში ექსპორტი 13%-ით გაიზარდა. 

აღინიშნა, რომ ექსპორტის ზრდაზე პოზიტიურად აისახა უზბეკეთის მთავრობის გადაწყვეტილება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე აქციზის მოხსნის შესახებ, რომელიც საქართველოდან ექსპორტირებული 73 დასახელების პროდუქტს შეეხო, მათ შორის, მინერალურ წყლებს, ხილის წვენებს, უალკოჰოლო გაზიან სასმელებს. 

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის სამუშაო ჯგუფის შექმნისა და სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში ერთობლივი ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობაზე, ასევე საქართველოსა და უზბეკეთის გავლით ევროპასა და აზიას შორის ახალი სატრანსპორტო მარშრუტების ამოქმედებაზე.  

მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას ტურიზმსა და სამოქალაქო ავიაციაში. 

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და გურამ გურამიშვილი, აგრეთვე საქართველოს ელჩი უზბეკეთში ზურაბ აბდუშელიშვილი.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021