ნათია თურნავა იაპონური კორპორაცია Toyota Tsusho Corporation-ის წარმომადგენლებს შეხვდა
29-07-2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა იაპონური კორპორაციის „ტოიოტა თსუშოს“ (Toyota Tsusho Corporation) დელეგაციას შეხვდა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი, აგრეთვე იაპონიის ელჩი საქართველოში იმამურა აკირა. 

შეხვედრაზე მინისტრმა იაპონელ სტუმრებს საქართველოს მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციებისა და საინვესტიციო და საქმიანი გარემოს შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, საქართველოსა და იაპონიას შორის მოქმედებს არაერთი შეთანხმება, რომელიც მიმართულია ორმხრივი ეკონომიკური კავშირების უფრო მეტად განვითარებისთვის. 

შეხვედრაზე „ტოიოტა თსუშო“-ს წარმომადგენლებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს საქართველოს ენერგეტიკითა და მათ შორის, ე.წ. „მწვანე წყალბადის“ წარმოებით. ითქვა, რომ ამ მხრივ საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს.

“იაპონიის მსხვილი კორპორაციები ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტ ინტერესს იჩენენ საქართველოთი ინვესტირების განხორციელების მიმართულებით. სწორედ საინვესტიციო გეგმებს მიეძღვნა დღევანდელი შეხვედრაც. „ტოიოტა ჯგუფი“ საქართველოს ბაზარზე უკვე არის წარმოდგენილი. თუმცა შესაძლოა, ეს კომპანია ასევე გახდეს ინვესტორიც, რომელიც დაინტერესებულია ენერგეტიკით, მათ შორის, მწვანე წყალბადის წარმოებით. ჩვენ ამ ინოვაციურ მიმართულებას ვავითარებთ და ვფიქრობთ, რომ საპილოტე პროგრამის განხორციელებას შევძლებთ,“ - განაცხადა მინისტრმა. 

საქართველოში იაპონიის ელჩის იმამურა აკირას განცხადებით, „ტოიოტა თსუშო“ იაპონიის უდიდეს სავაჭრო კომპანიებს შორისაა და ოპერირებს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ვაჭრობა, ინვესტიციები, ქარხნების მშენებლობა, ენერგეტიკის განვითარება, ფინანსები, ლოგისტიკა და სხვ. ელჩის თქმით, კომპანია დაინტერესებულია საქართველოში ინვესტირებით, რადგან ქვეყანას აქვს პოტენციალი, იყოს პარტნიორი სამომავლო ბიზნეს-ურთიერთობებში, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის მიმართულებით. 

„იაპონიის მთავრობა მზადაა მხარი დაუჭიროს იაპონური კომპანიების ამ აქტივობას სამხრეთ კავკასიაში, განსაკუთრებით კი - საქართველოში. შეხვედრაზე დღეს ჩვენ განვიხილეთ მრავალი პერსპექტივა, იდეა და, ასევე, ამ იდეების უახლოეს მომავალში განხორციელების გზები,“ - განაცხადა იაპონიის ელჩმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021