ნათია თურნავამ საქართველო-სლოვაკეთის ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა
18-10-2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველო-სლოვაკეთის ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა.

საქართველო-სლოვაკეთის ბიზნესფორუმი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა, რომელიც მისასალმებელი სიტყვით ნათია თურნავამ და სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიმ გახსნეს.
  
„ჩვენ მზად ვართ, რომ უფრო მეტი ინვესტიცია, მეტი ერთობლივი პროექტი იყოს  საქართველოში სლოვაკ ბიზნესმენებთან ერთად და ამას მხარს დავუჭერთ, მათ შორის, ჩვენი სახელმწიფი პროგრამების მეშვეობით. უკვე მესამედ ტარდება საქართველო-სლოვაკეთის ბიზნესფორუმი, რაც იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ მაღალი ინტერესია ზოგადად, ევროპული ბიზნესიდან და ინვესტორებიდან, მათ შორის, სლოვაკი ბიზნესმენებიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ“ - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. 

ბიზნესფორუმი სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ივან კორკოკის ვიზიტის ფარგლებში შედგა. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, სლოვაკური მხარე ფორუმზე გამართული პრეზენტაციებისა და ორმხრივი შეხვედრების ფარგლებში დეტალურად გაეცნობა იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც  საქართველო ინვესტორებს სთავაზობს.

მისივე შეფასებით, განსაკუთრებით შთამბეჭდავია ის ეკონომიკური ზრდა და აღდგენის მაღალი ტემპი, რაც საქართველოს აქვს. აქედან გამომდინარე, არის მოლოდინი, რომ ბევრი ერთობლივი პროექტი შედგება, განსაკუთრებული ინტერესი კი ამ ეტაპისთვის უკვე გამოითქვა IT სექტორის და ენერგეტიკის მიმართ.

"სლოვაკეთი ასევე ცნობილია თავისი მანქანათმშენებლობის მდიდარი ტრადიციებით და ვფიქრობთ, რომ აქაც შეიძლება თანამშრომლობა, ჩვენ მზად ვართ, რომ უფრო მეტი ინვესტიცია, მეტი ერთობლივი პროექტი იყოს საქართველოში სლოვაკ ბიზნესმენებთან ერთად და ამას მხარს დავუჭერთ, მათ შორის, ჩვენი სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სლოვაკეთის მთავრობას და დელეგაციის წარმომადგენლებს, ქვეყნის სახელით, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მტკიცე მხარდაჭერისა და ხელშეწყობისთვის, ასევე კოვიდ-პანდემიასთან ბრძოლის კუთხით აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის, მათ შორის როგორც SlovakAid-ის ფონდიდან გამოყოფილი ფინანსური დახმარებისთვის, ასევე სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს თანადგომისთვის. ნათია თურნავამ ასევე ხაზი გაუსვა SlovakAid-ის მიერ მხარდაჭერილ არაერთ პროექტს,  მათ შორის პანდემიის პერიოდში რაჭის რეგიონის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტებს, რომელიც ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში მოღვაწე მცირე და საშუალო მეწარმეთა თანადგომას გულისხმობდა, ასევე სლოვაკეთის დახმარებისა და განვითარების სააგენტოს SlovakAid-ს თანადგომას. 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021