ნათია თურნავა კახეთში სტუმარ-მასპინძლობის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
29-10-2021

სტუმარ-მასპინძლობის სექტორისთვის აქტუალური საკითხები, მათ შორის მიმდინარე და ზამთრის ტურისტული სეზონისთვის მზადება განიხილეს შეხვედრაზე, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კახეთში, მცირე და საშუალო სასტუმროების და ტურისტული ობიექტების წარმომადგენლებთან გამართა. 

შეხვედრას, რომელიც დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, ასევე ესწრებოდნენ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები.

სტუმარ-მასპინძლობის სექტორის წარმომადგენლებს ნათია თურნავამ გააცნო ინფორმაცია სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ახალი კომპონენტის შესახებ, რომელიც აგრო და ეკოტურიზმის განვითარების მხარდაჭერას გულისხმობს.

„ჩვენ მათ შევთავაზეთ მონაწილეობა ახალ პროგრამაში, რომლის მიზანია აგრო და ეკოტურიზმის წახალისება - ეს გულისხმობს როგორც სესხის პროცენტის სუბსიდირებას, ასევე საკრედიტო-საგარანტიო უზრუნველყოფას და რაც მთავარია, გრანტ-კომპონენტს. აგრო და ეკოტურიზმის მხარდამჭერი კომპონენტით სარგებლობა შეუძლია  პრაქტიკულად, ყველა სასტუმროს და ეს მართლაც ძალიან კარგი შესაძლებლობაა მათთვის, რომ შეძლონ თავიანთი საქმიანობის გაფართოება“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

შეხვედრისას ასევე ხაზი გაესვა, რომ სექტორის ეფექტიანი და სწრაფი აღდგენა მნიშვნელოვანია და ამ მიზნით არაერთი მხარდამჭერი პროგრამა და ინიციატივა ხორციელდება.

ამასთან აღინიშნა, რომ მიუხედავად პანდემიის გამო არსებული მრავალი გამოწვევისა, მთავრობის, კერძო სექტორისა და პარტნიორების ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული მუშაობით ტურიზმის სფეროში დადებითი ტენდენციები ნარჩუნდება.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის მ.შ. თამარ ყორიაულმა, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი შიოშვილმა და მხარის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა

 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021