ნათია თურნავა საფრანგეთის უმსხვილესი ბიზნესგაერთიანების MEDEF International-ის დელეგაციას შეხვდა
16-11-2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საფრანგეთის უმსხვილესი ბიზნესგაერთიანების MEDEF International-ის დელეგაციას შეხვდა.

ფრანგული დელეგაციის შემადგენლობაში 20-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი იმყოფება, რომლებიც საქართველოში პოტენციურ საინვესტიციო პროექტებს სწავლობენ. დელეგაციაში შემავალი კომპანიები ტურიზმის, IT, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, მშენებლობის, საინჟინრო, სოფლის მეურნეობისა  და სხვა სფეროებში საქმიანობენ.

ქართულმა მხარემ შეხვედრის მონაწილეებს საქართველოში არსებული პოზიტიური ბიზნესკლიმატი და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და ფრანგული კომპანიების წარმომადგენლების კითხვებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად, სამინისტროში შემავალი სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებმა უპასუხეს.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო ტრადიციულად, მიმზიდველი საინვესტიციო ბაზარია ფრანგული კომპანიებისთვის. მისივე თქმით, ამის დასტურია ისიც, რომ დღესდღეობით საქართველოში 350-ზე მეტი ფრანგული კაპიტალით შექმნილი კომპანია ოპერირებს, ხოლო საფრანგეთი ევროპულ ქვეყნებს შორის ნომერ მეშვიდე ინვესტორს წარმოადგენს.

მისივე ინფორმაციით, გაცილებით მეტი პერსპექტივა არსებობს და ამაზე მეტყველებს ის მაღალი ინტერესი და საქართველოში მყოფი ფრანგული დელეგაცია, რომლებიც ახალი შესაძლებლობების შესასწავლად ჩამოვიდა. "მათ გავაცანით ახალი საინვესტიციო პროექტები, განსაკუთრებით აინტერესებთ პროექტები დიჯიტალიზაციის, ახალი ტექნოლოგიების, სტარტაპების, ასევე ტურიზმის განვითარების, ენერგეტიკის  სფეროში და  ბევრი სხვა მიმართულებით. დარწმუნებული ვართ, რომ საკმაოდ ბევრი საინტერესო ახალი ინიციატივა შედგება ფრანგულ ბიზნესსა და საქართველოს ბიზნესს შორის კოოპერაციის გზით“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021