საქართველომ ინტერნეტ მმართველობის მე-7 ფორუმს GeoIGF 2021 უმასპინძლა
30-11-2021

30 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოში ინტერნეტმმართველობის რიგით მეშვიდე ფორუმი - GeoIGF 2021 იმართება, რომელიც საქართველოს ინტერნეტ სივრცეში არსებულ მთავარ გამოწვევებსა და მომავალ შესაძლებლობებს განიხილავს.

ფორუმის გახსნით ნაწილში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი, კომუნიკაციების კომისიის წევრი ეკატერინე იმედაძე  ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა; ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში ნატალია ვუტოვა; გაეროს გლობალური ინტერნეტმმართველობის ფორუმის გამგეობის თავმჯდომარე და მსოფლიო კიბერსფეროს სტაბილურობის კომისიის კომისიონერი ანრიეტ ესტერიუსენი, ინტერნეტ საზოგადოება (ISOC) უფროსი ვიცე პრეზიდენტი ჯეინ კოფინი და პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ეკა სეფაშვილი. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის განცხადებით, ახალი კორონა ვირუსისგან გამოწვეული პანდემიის პირობებში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვა შეიძინა საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიებმა და მათმა გამართულმა ფუნქციონირებამ, ქვეყანაში კრიტიკულად აუცილებელი მომსახურებების უზრუნველსაყოფად. 

„ამ მხრივ, ჩვენი სამინისტრო აქტიურად ახორციელებს მთელ რიგ სტრატეგიებსა და პროგრამებს, რომელთა მიზნებსაც საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება, ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობა, ასევე ინტერნეტ - ინფრასტრუქტურის მშენებლობის დასრულება, ქვეყნის საერთაშორისო ციფრულ პლატფორმებთან ინტეგრაცია და საინფორმაციო ტექნოლოგიების ჰაბად ჩამოყალიბება წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ, ჩვენ წარმატებით ვთანამშრომლობთ როგორც ბიზნეს, მესამე სექტორთან, რადგან მიგვაჩნია, რომ ისეთი გლობალური მიზნების მისაღწევად, აუცილებელია მთელი ქვეყნის დაინტერესებული წრეების პოზიციათა დაახლოება და ერთობლივი მუშაობა, რაც დღემდე წარმატებით ხორციელდება,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. 

ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ღონიძიებაზე, ინტერნეტ მმართველობის ფორუმსა და საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. 

მემორანდუმი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საპარლამენტო კომიტეტის ჩართულობას საქართველოს ინტერნეტმმართველობის დიალოგში, რამდენადაც იგი ინტერნეტთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პროცესში ერთ-ერთ მნიშვნელოვან აქტორს წარმოადგენს. ამ მიზნით, მხარეები, საკანონმდებლო პროცესის ეფექტიანობისა და ღიაობისთვის ინტერნეტ სფეროში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ამასთან, მემორანდუმი კომიტეტის ფორუმში გაწევრიანებასაც გულისხმობს.

GeoIGF 2021-ზე წარმოდგენილი იქნება ისეთი მნიშვნელოვანი თემები როგორიცაა: ხელოვნური ინტელექტი, მისი შესაძლებლობები და გამოწვევები; დეზინფორმაცია საქართველოს ინტერნეტ სივრცეში; ფართოზოლოვანი საქართველო – არსებული მდგომარეობა და გამოწვევები, საქართველოში ციფრული ჰაბის განვითარების პერსპექტივები; გახსნილი ტელეკომ ბაზარი და მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების დაშვების პერსპექტივები; 5G მზაობა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის როლი ქვეყნის განვითარებაში; ინტერნეტის ხარისხი; სათემო ინტერნეტ ქსელების განვითარება; ინტერნეტ კონტენტის თვითრეგულირება; ქართული ენა ინტერნეტ-სამყაროში; კიბერუსაფრთხოება და ციფრული უფლებები; პანდემიით ინსპირირებული ინოვაციები და პერსონალური მონაცემების დაცვა; ციფრული წიგნიერება და მზაობა, სხვადასხვა სექტორების როლი ამ პროცესში; ვირტუალური მობილური ოპერირების განვითარების საკითხები და სხვა.

ინტერნეტ მმართველობის ფორუმი GeoIGF ყოველწლიური კონფერენციაა, რომელიც 2015 წელს ევროპის საბჭოს მხარდაჭერით დაარსდა. დღეს ფორუმს 30-ზე მეტი წევრი ჰყავს სხვადასხვა სფეროდან. ფორუმის მასპინძელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, კომუნიკაციების კომისია და საქართველოს ინტერნეტ საზოგადოება (ISOC Georgia). ფორუმის ორგანიზატორია საქართველოს სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია. ფორუმის ინსტიტუციური პარტნიორია ევროპის საბჭო. ფორუმის მხარდამჭერები ასევე არიან საერთაშორისო ორგანიზაციები: ინტერნეტ საზოგადოება (ISOC), მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაცია (ICANN) და RIPE ქსელის საკოორდინაციო კომიტეტი (RIPE NCC).


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11
2 99 11 70

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2021 ©