ლევან დავითაშვილი 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო
14-06-2022

„ქვეყნის ეკონომიკისთვის პრიორიტეტულია აქცენტის გაკეთება ტექნოლოგიებზე, ინოვაციებზე და ჩვენი საგრანტო პროექტები, სხვადასხვა დაფინანსების თუ თანადაფინანსების ინსტრუმენტები სწორედ ასეთი ეკოსისტემის წახალისებას უწყობს ხელს. საქართველოში ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ცხოვრობს და მათ საშუალება უნდა მივცეთ, თავიანთი ნააზრევი, თავიანთი შემოქმედება საინტერესო და კონკურენტუნარიან ბიზნესპროექტებად აქციონ“  - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა,  ლევან დავითაშვილმა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც ქობულეთში გაიმართა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე.

ლევან დავითაშვილმა გამარჯვებულ სტარტაპერებს წარმატება მიულოცა და ქვეყანაში სტარტაპ-ეკოსისტემის, ინოვაციურ-ტექნოლოგიური ბიზნესების განვითარებისა და ამ პროცესში სახელმწიფოს ხელშეწყობის  მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა უკვე მერვედ ჩატარდა, წელს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მოცულობა 100 000-დან 150 000 ლარამდე გაიზარდა, ხოლო აღნიშნული პროგრამის შვიდი რაუნდის ფარგლებში ჯამურად 135 სტარტაპი დაფინანსდა. პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება. წელს ფინალისტები სპეციალურად ამ პროგრამისთვის მოწვეულმა ტრენერებმა მოამზადეს - ფინალურ ეტაპზე გადასული 51 სტარტაპიდან 20 გამარჯვებული გამოვლინდა, რომლებიც სხვადასხვა ბიზნესსექტორს მოიცავს.  

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ის დარწმუნებულია გამარჯვებული სტარტაპების წარმატებაში, რადგან ეს არის საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროექტები, რომელთაც საერთაშორისო დონეზე შეუძლიათ კაპიტალის მოზიდვა,  თავიანთი წამოწყების განვითარება და ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეტანა.  


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021