ლევან დავითაშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს, პეტერ სიიარტოს შეხვდა
25-06-2022

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს, პეტერ სიიარტოს შეხვდა.

ორი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებმა დეტალურად განიხილეს საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მზარდი დინამიკა და ის პოტენციალი, რომელიც ქვეყნებს შორის კიდევ უფრო დიდი ურთიერთკავშირის განვითარების საშუალებას იძლევა. 

როგორც აღინიშნა, უნგრეთი საქართველოს განიხილავს მნიშვნელოვან პარტნიორად. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სავაჭრო ურთიერთობებზე, სადაც პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება ქართული ექსპორტის გაზრდა უნგრულ ბაზარზე. პეტერ სიიარტოს განცხადებით, უნგრეთი აქტიურად უჭერს მხარს ქართული და უნგრული კომპანიების პარტნიორობის გაღრმავებას და მზად არის, დააფინანსოს მათი ერთობლივი ბიზნესპროექტები.

მხარეებმა ასევე გამოთქვეს მზადყოფნა, უახლოეს მომავალში გაიმართოს საქართველო-უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარის“ ოპერირების მნიშვნელობაზე საქართველოს საავიაციო და ტურისტული ბაზრის განვითარებისთვის.

ლევან დავითაშვილმა უნგრელ კოლეგასთან ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ პოლიტიკასა და იმ ამოცანებზე, რომლებიც პრიორიტეტულია საგარეო, განსაკუთრებით ევროპული ქვეყნების  ბაზრებზე ქართული ექსპორტის გაზრდისა და სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის. ვიცე-პრემიერის განცხადებით, რეგიონის მიმართ გაჩენილი მაღალი რისკების მიუხედავად, საქართველო ინვესტორებისთვის კვლავ მიმზიდველ საინვესტიციო პარტნიორ ქვეყნად რჩება

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოს ელჩი უნგრეთში ზაალ გოგსაძე, და სამინისტროს ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი თარაშ პაპასქუა ესწრებოდნენ.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2021 ©