ლევან დავითაშვილმა განახლებადი ენერგიის დარგში ინვესტიციების თემისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
29-06-2022

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი განახლებადი ენერგიის დარგში ინვესტიციების თემისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნო განახლებადი ენერგიების დარგის განვითარების და ზოგადად, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით არსებული პრიორიტეტები და კონკრეტული პროექტები. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველო ისწრაფვის გახდეს დასავლური დემოკრატიული სამყაროს ნაწილი, ევროკავშირისა და ნატოს წევრი. ამ მიზნის მისაღწევად კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა, სწორედ, ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.

„საქართველოს ენერგეტიკული სისტემა აქტიური განვითარების ფაზაშია. რეფორმები ძირითადად განპირობებულია ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმებით და ქვეყნის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით. ეს გულისხმობს საქართველოს ენერგეტიკის სისტემის ისეთ განვითარებას, რომელიც კიდევ უფრო დააახლოვებს ევროპულ პრინციპებთან“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა, მისივე თქმით, ასოცირების შეთანხმების თანახმად, ქართული კანონმდებლობა შესაბამისობაში იქნება ევროდირექტივებთან, რაც განსაზღვრავს უფრო ლიბერალურ და ტრანსპარანტულ საბაზრო ურთიერთობებს ენერგეტიკულ სექტორში.

ენერგეტიკის სფეროს ყველა რგოლის თანაბრად განვითარება, - ეს არის ამოცანა, რომელიც, მინისტრის განცხადებით, საბოლოო ჯამში ქვეყანაში განახლებადი ენერგიის გენერაციის პროექტების განვითარებას და ენერგოუსაფრთხოების და დამოუკიდებლობის გაუმჯობესებას მოიტანს, ეკონომიკას კი უფრო კონკურენტუნარიანს გახდის.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, სტრატეგიული პროექტი, რაზეც მიმდინარეობს მუშაობა, მინისტრის თქმით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტია, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ქსელის მოწყობას - მან ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები. ლევან დავითაშვილმა პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კონფერენციის მონაწილეებს. მინისტრის განცხადებით, მიმდინარეობს პროექტის დეტალური შესწავლა-პროექტირება მსოფლიო ბანკთან ერთად, რაც მისი პროგნოზით, ერთი წლის განმავლობაში დასრულდება. 

მთავრობის წარმომადგენელთა გარდა, კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ენერგეტიკის კერძო სექტორის, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2021 ©